უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უნგრეთს არ აქვს მორალური ვალდებულება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს.
უნგრეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, არცერთ ქვეყანას გზა ევროკავშირისკენ შანტაჟით არ გაუკვალავს.
„თურმე, პრეზიდენტ ზელენსკის სურს თავად გადაწყვიტოს, რა არის უკეთესი უნგრელებისთვის. ის კვლავ იყენებს მორალური შანტაჟის ტაქტიკას, რათა აიძულოს ქვეყნები მხარი დაუჭირონ მის სამხედრო ძალისხმევას. ბატონო პრეზიდენტო, დიდი პატივისცემით, უნგრეთს არ აქვს მორალური ვალდებულება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. არცერთ ქვეყანას გზა ევროკავშირისკენ შანტაჟით არ გაუკვალავს. ეს არ მოხდება ამჯერადაც. ხელშეკრულება ევროკავშირის შესახებ ორაზროვანი არ არის: გაწევრიანების საკითხს წევრი სახელმწიფოები ერთსულოვნად წყვეტენ“, – დაწერა ორბანმა.
მისი თქმით, უნგრელმა ხალხმა ჩატარებულ რეფერენდუმზე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირა.
„უნგრელმა ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო. რეფერენდუმზე ხმათა უმრავლესობით მან ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირა. თუ თქვენ ამის შეცვლა გსურთ, თქვენი მედიაკამპანია უნგრეთის წინააღმდეგ, ალბათ, მეგობრების გაჩენის არც თუ ისე კარგი მეთოდია“, – დასძინა ორბანმა.