აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ „სერიოზულ მოლაპარაკებებს“ აწარმოებს ისრაელთან და „ჰამასთან“ ღაზაში ომის დასასრულებლად.
ტრამპმა აღნიშნული განცხადება კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან თეთრ სახლში შეხვედრის დროს გააკეთა.
მისი თქმით, აშშ-ის გუნდი ყველაფერს ეცდება ღაზის ომის რაც შეიძლება მალე დასასრულებლად.
„ვფიქრობ, არსებობს შესაძლებლობა, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა დამყარდეს. ჩვენი გუნდი ახლა იქ არის. მსოფლიოს ყველა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ამ გეგმას. არსებობს რეალური შანსი, რომ რაღაც გავაკეთოთ“, – განაცხადა ტრამპმა.
შეხვედრისას მარკ კარნიმ განაცხადა, რომ კანადა მხარს უჭერს ტრამპის მშვიდობის დამყარების მცდელობებს.
ცნობისთვის, ღაზაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით შარმ ელ-შეიხში მოლაპარაკებები გრძელდება. ეგვიპტეში იმყოფება შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფიც. შეხვედრების მიზანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობაა. შუამავლის როლს ეგვიპტელი და კატარელი მედიატორები ასრულებენ. ისინი ისრაელისა და „ჰამასის“ დელეგაციებს ცალ-ცალკე ხვდებიან.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას 29 სექტემბერს წარადგინა. რამდენიმე დღის შემდეგ კი გეგმას „ჰამასი“ დათანხმდა.