ბრიუსელის შიში, რომ ევროკავშირის დამფუძნებელი წევრი შესაძლოა ულტრამემარჯვენე მიმართულებით გადაიხაროს, მიმდინარე კვირაში მოულოდნელად ხელახლა გააქტიურდა, რადგან საფრანგეთში მზარდი პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა, – წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით ევროკავშირის ყველაზე საშინელი კოშმარი არასდროს გამოიყურებოდა ასე რეალურად.
სტატიაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ „თუ ულტრამემარჯვენეები ევროკავშირის სიდიდით მეორე ქვეყნის პარლამენტზე მოიპოვებენ კონტროლს, ევროპა ფუნდამენტურად შეიცვლება“.
საფრანგეთის პრეზიდენტი უდიდესი ზეწოლის ქვეშ იმყოფება მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის მიერ მოქმედი მთავრობის ჩამოყალიბების უკანასკნელი მცდელობა მხოლოდ 14 საათში ჩაიშალა, ხოლო ახალი არჩევნების ჩატარება – რამდენიმე თვეში, თუ არა კვირაში – სულ უფრო და უფრო მოსალოდნელად ჩანს.
„როგორც საპრეზიდენტო, ასევე საპარლამენტო დონეზე, მარინ ლე პენის პარტიის გამარჯვება ახლა უკვე აშკარად შესაძლებელია – რაც ნიშნავს, რომ ევროსკეპტიკური, უკიდურესად მემარჯვენე ფიგურა შეიძლება მალე წარმოადგენდეს საფრანგეთს ევროკავშირის ძირითად ინსტიტუტებში, რაც გაზრდის პოპულისტური, მემარჯვენე ხმების რაოდენობას ევროპაში“, – ნათქვამია სტატიაში.
მიუხედავად იმისა, რომ ულტრამემარჯვენეები მაკრონს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებენ, მიმდინარე კვირის მოვლენებმა ასევე გააჩინა საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლებლობაც -იმ შემთხვევაში, თუ მაკრონი იძულებული გახდება გადადგეს.
„პოპულისტების ახალი ტალღა საფრთხის ქვეშ აყენებს ევროკავშირის პოლიტიკას მნიშვნელოვან სექტორებში, განსაკუთრებით დიდი შეშფოთებაა რუსეთისა და თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებით“, – ნათქვამია სტატიაში.
თუ ლე პენის პარტია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვებს, ან მასთან მიახლოებული შედეგი ექნება, მისი პროტეჟე, ჟორდან ბარდელა შეძლებს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს და ულტრამემარჯვენე მთავრობა დანიშნოს.
ეს ნიშნავს, რომ „ეროვნული გაერთიანება“ უხელმძღვანელებს საფრანგეთის პოლიტიკას ევროკავშირის საბჭოში, სადაც მთავრობის წარმომადგენლები ევროპარლამენტთან ერთად ერთობლივად აწარმოებენ მოლაპარაკებებს კანონების თაობაზე.