აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან კომუნიკაციას აწარმოებს, რათა ომის შედეგად ოჯახებს ჩამოშორებული უკრაინელი ბავშვები საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.
საჯარო მიმართვისას აშშ-ის პირველმა ლედიმ დეტალურად აღწერა თავისი ძალისხმევა. მისი მუშაობა მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო, როდესაც მან წერილობით მიმართა პუტინს და შეშფოთება გამოხატა იმ ბავშვების გამო, რომლებიც ოჯახებს ჩამოაშორეს.
„ბევრი რამ მოხდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა ჩემი წერილი აგვისტოში მიიღო. მან წერილობით მიპასუხა, გამოხატა ჩემთან პირდაპირი ჩართულობის სურვილი და დეტალურად აღწერა რუსეთში მყოფი უკრაინელი ბავშვების მდგომარეობა“, – განაცხადა მელანია ტრამპმა თეთრი სახლიდან მიმართვისას.
„პრეზიდენტ პუტინსა და მე გვაქვს ღია კომუნიკაციის არხი ამ ბავშვების კეთილდღეობის საკითხზე. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ორივე მხარე აქტიურად მონაწილეობდა არაერთ არაოფიციალურ შეხვედრასა და სატელეფონო საუბარში. ჩვენ შევთანხმდით, რომ ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან ამ ომში ჩართული ყველა ადამიანის სასიკეთოდ“, – აღნიშნა მან.
აშშ-ის პირველმა ლედიმ აღნიშნა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში რვა უკრაინელი ბავშვი დაუბრუნდა თავის ოჯახებს.
გარდა ამისა, პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა ომის დროს იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას, რომლებიც არასრულწლოვნები იყვნენ, მაგრამ „მოკლე ვადაში“ 18 წელი შეუსრულდათ.
უკრაინის მთავრობის მონაცემების მიხედვით, ომის ფონზე, 19,000-ზე მეტი ბავშვი იყო დეპორტირებული ან გადაყვანილი უკრაინიდან რუსეთში.