აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ადასტურებს, რომ „ჰამასს“ ტყვეობაში 20 ცოცხალი მძევალი ჰყავს. მისივე თქმით, მათ მომდევნო 24 საათის განმავლობაში გაათავისუფლებენ.
„ჩვენ ახლოს ვართ ახლო აღმოსავლეთში რეალური მშვიდობის მიღწევასთან“, – განაცხადა ვენსმა „ეიბისისთან“ ინტერვიუში.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ეს მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, რომელსაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მიაღწია.
„აშშ-ის პრეზიდენტმა დაავალა მარკო რუბიოს, ჯარედ კუშნერს, სტივ უიტკოფს, რომ მიეღწიათ შეთანხმებისთვის, ესაუბრათ არაბულ სახელმწიფოებთან, ესაუბრათ ისრაელთან და მოეძებნათ გზა, რომ შეთანხმება განხორციელებულიყო. მძევლები დაბრუნდებიან თავიანთ ოჯახებში. ვფიქრობ, ეს დიდი მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყანა უნდა ამაყობდეს ჩვენი დიპლომატებით, რომლებმაც ეს შესაძლებელი გახადეს“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ამასთან, ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, ამერიკული სამხედრო ძალები ათწლეულებია, რეგიონში იმყოფებიან ცენტრალური სარდლობის ფარგლებში და მათი ახალი ამოცანა ცეცხლის შეწყვეტის პირობების მონიტორინგი იქნება. თუმცა, ვენსმა უარყო ინფორმაცია, რომ ამერიკული ჯარები ღაზის ან ისრაელში მიწაზე განთავსდებიან.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი 13 ოქტომბერს ისრაელს ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ისრაელის პარლამენტში სიტყვითაც გამოვა, ხოლო შემდეგ შარმ ელ შეიხში გაემგზავრება, სადაც ღაზაში ომის დასრულების საკითხზე მსოფლიო ლიდერების სამიტი გაიმართება.