საუბარია იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და შემდგომ მისგან შექმნილი ყველა პოლიტიკური პარტია აიკრძალოს და რა თქმა უნდა ასევე, დადგეს მათი პიროვნული პასუხისმგებლობის საკითხი, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პარტიასთან კავშირში მყოფი ადამიანები ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივ არჩევნებში.
„პირველ რიგში უნდა დაველოდოთ საკონსტიტუციო სარჩელის შინაარსს. აქ არის საუბარი იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და შემდგომ მისგან შექმნილი ყველა პოლიტიკური პარტია აიკრძალოს და რა თქმა უნდა ასევე, დადგეს მათი პიროვნული პასუხისმგებლობის საკითხი. რაც გულისხმობს იმას, რომ მათ აეკრძალოთ პასიური საარჩევნო უფლება. კონკურენციის თვალსაზრისით ბუნებრივია ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ პარტიებს მიეცეთ საშუალება გაძლიერდნენ. ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჯაძემ.
პარლამენტმა 84 ხმით, მეორე მოსმენით მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.
ცვლილებების თანახმად საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პარტიასთან კავშირში მყოფი ადამიანები ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივ არჩევნებში, ვერ მიიღებენ პოლიტიკურ თანამდებობასა და აეკრძალებათ პოლიტიკური პარტიის შექმნა.