ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ღია ბიზნეს გარემოა და კორუფციის ინდექსით ქვეყანას ძალიან კარგი მაჩვენებელი აქვს.
როგორც კომპანია Hunnewell Partners-ის დამფუძნებელმა და ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ ჟურნალისტებთან კორუფციაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, კორუფციის ინდექსი იზომება და ქვეყნის ფარგლებში ჩატარებული ფართომასშტაბიანი გაზომვის შედეგები აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან კარგი მაჩვენებელი აქვს.
„დღეს ჩამოვფრინდი დილის შვიდ საათზე და ვერ გავერკვიე რა ხდება. კორუფციის ინდექსი იზომება. ქვეყნის ფარგლებში არის ფართომასშტაბიანი გაზომვა, სადაც ჩვენ ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს. ბიზნესი ამას პრობლემად მაინც და მაინც არ თვლის. ჩვენ კორუფციის ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს, რომლითაც ჩვენ გვზომავენ. ჩვენ გვაქვს აბსოლუტური ღია ბიზნესგარემო იმ კუთხით, რომ გვყავს ძალიან ბევრი ბიზნესმენი, რომელიც არის ოპოზიციის მხარდამჭერი და რომლებიც ასევე არ ლაპარაკობენ კორუფციაზე, მე არ გამიგია და უამრავს ვიცნობ ოპოზიციონერ ბიზნესმენებს, რომლებიც იძახიან, რომ კორუფცია [არ არის]. მხოლოდ მთავრობა ლაპარაკობს და როცა მხოლოდ მთავრობა ლაპარაკობს და ბიზნესმა არ ვიცით რა ხდება, მე ჯერ უნდა გავიგო, ვინ იყო, რა იყო. მე არ შემხებია, ისევე, როგორც არ ეხება ოპოზიციურ ბიზნესსაც“, – აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რომ ერთ-ერთი კომპანიის 40%-იანი წილის მფლობელი წერს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე მინისტრობის დროს მას სთხოვდა ქრთამს, რაზეც რუხაძემ განაცხადა, რომ ეს ძალიან ცუდია და ამის შესახებ პირველად გაიგო.
„საშინელია, ძალიან ცუდია, პირველად გავიგე და ძალიან ცუდია. კი, არის, მაგრამ ერთადერთი შემთხვევაა, ძალიან ცუდია და ახლა პირველად გავიგე თქვენგან. მე კი არ ვიძახი, არ ხდება-მეთქი, მე ვიძახი, რომ ბიზნესი ფართოდ ამას ვერ ვხედავთ. ეს ჩანს კორუფციის ინდექსში, რომელსაც ჩვენგან იღებენ, იმ ინტერვიუების დროს. ოპოზიციური ბიზნესი ამაზე არ ლაპარაკობს, ახლა პირველად გავიგე და საინტერესოა. ოპოზიციური ბიზნესი არ წუწუნებს, რომ კორუფცია გვაქვსო, მთავრობა ამბობს, რომ არის და უნდა გავიგოთ, რა არის. კორუფციას აქვს ორი მხარე, მარტო ამღები არაა კორუფცია, მიმცემიც კორუფციაა და ამიტომ უნდა გავიგოთ, ვინ, სად, რას აძლევდა, რას აკეთებდა და მე გავერკვევი. რა თქმა უნდა, ცუდია, საშინელებაა, რაზეა ლაპარაკი?!როგორ შეიძლება ეს კარგი იყოს, ხელს უშლის ყველაფერს. მინდა გავერკვიო, რა კორუფციასთან გვაქვს საქმე. რატომ არ ლაპარაკობს ბიზნესი-მეთქი, ეგ მაინტერესებს. მე იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ არ შემხებია და ბიზნესი რატომ არ ლაპარაკობს?!”, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

 
				