თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირი თურქეთის გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ფინელ კოლეგასთან, ელინა ვოლტონენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ფიდანის თქმით, თურქეთის პრეზიდენტმა 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თქვა, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი უცვლელია.
ამასთან, ფიდანმა განაცხადა, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ცვლილებამ, რომლის მიხედვითაც, ვაშინგტონი გლობალურ ინტერვენციებზე უარს ამბობს, შექმნა შთაბეჭდილება, რომ რეგიონის ქვეყნებმა საკუთარ პრობლემებს თავად უნდა მიხედონ.
ამ კონტექსტში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ, რათა გადაჭრან ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები.
„ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირი, რომელიც რეგიონული პასუხისმგებლობის ყველაზე ნათელი მაგალითია, ვერ იქნება სრულყოფილი თურქეთის გარეშე, განსაკუთრებით ახალ გარემოში. ამიტომ ევროკავშირმა და თურქეთმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა წაწიონ წინ მიმდინარე ინტეგრაციული პროცესი. როგორც მთავრობა და სახელმწიფო, ჩვენ ამ საკითხის გადაწყვეტის მყარ ნებას გამოვხატავთ. ამ ახალ ეპოქაში, თურქეთისთვის დასაფასებელია, რომ ევროპელი ლიდერები ადასტურებენ ამ თემისადმი ერთგულებას. გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის ღია განცხადება, რომლითაც მან მხარი დაუჭირა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას, ნამდვილად დასაფასებელი იყო“, – განაცხადა ფიდანმა.
თავის მხრივ, ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვოლტონენმაც მხარდაჭერა გამოუცხადა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას.
„1999 წლიდან, როდესაც ფინეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იყო, ფინეთი იყო ღია თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების იდეის მიმართ და ყოველთვის უჭერდა ამას მხარს“, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, ელინა ვოლტონენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი.
„რეფორმების იმპლემენტაცია, ამ საკითხზე ცნობადობის ამაღლება, გამჭვირვალე საბაზრო ეკონომიკა, კორუფციასთან ბრძოლა, კანონის უზენაესობის რეფორმაზე მუშაობა და ყველა ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა – ყველა ამ პირობის შესრულება აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
