გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, გერმანიაში საგარეო საქმეთა მინისტრის იოჰან ვადეფულის შეცვლას განიხილავენ.
„ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირში“ განხეთქილება სირიელი ლტოლვილების საკითხს მოჰყვა. ვადეფული ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნებას ეწინააღმდეგება, რადგან მიიჩნევს რომ სირიაში იმაზე მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დასასრულს გერმანიაში იყო.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეცვლის საკითხი ჯერ მხოლოდ ფრაქციაში, დახურულ კარს მიღმა განიხილება.
მედიაში ვრცელდება ვადეფულის სავარაუდო შემცვლელების გვარებიც. Bild-ის ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ჩრდილოეთ რაინ-ვესფალიის მიწის ყოფილი პრემიერის არმინ ლაშეტის კანდიდატურა განიხილება.
გარდა ამისა, გერმანიის პირველი დიპლომატის თანამდებობა, შესაძლოა, დაიკავონ ევროპარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა, ან ბუნდესტაგის მმართველი ფრაქციის თავმჯდომარემ იენს შპანმა.
