აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს შეხვდა.
მედიის ცნობით, შეხვედრისას ტრამპმა ხაზი გაუსვა მისი ადმინისტრაციის ძალისხმევას, გააფართოოს და უზრუნველყოს აშშ-ის მიწოდების ჯაჭვები ახალი გლობალური შეთანხმებების მეშვეობით.
ტრამპმა ცენტრალური აზია „უკიდურესად მდიდარ რეგიონად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ ის ხუთივე ქვეყანასთან ამერიკის პარტნიორობის გაძლიერების ერთგულია.
შეხვედრისას ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყნის პრეზიდენტმა კავშირების გაღრმავების მზაობა გამოთქვა. როგორც „როიტერი“ წერს, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებთან შეხვედრა გაიმართა იმ დროს, როდესაც ვაშინგტონი ცდილობს, გააფართოოს თავისი გავლენა რესურსებით მდიდარ რეგიონში, სადაც დიდი ხანია, რუსეთი დომინირებს და დღეს რეგიონის მთავარ სავაჭრო პარტნიორად გადაქცევას ჩინეთი ცდილობს.
