პაკისტანური მხარის მტკიცებით, სტამბოლში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებები ავღანეთის „თალიბანის“ რეჟიმთან ჩაიშალა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
ოფიციალური ისლამაბადის მტკიცებით, „თალიბანმა“ უარი განაცხადა მებრძოლების ტრანსსასაზღვრო თავდასხმების აღკვეთის გარანტიების მიცემაზე, რაც ქვეყნებს შორის გასულ თვეს მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას საფრთხეს უქმნის.
პაკისტანის თავდაცვის მინისტრის ხავაჯა მუჰამად ასიფის განცხადებით, სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა და დელეგაცია სამშობლოში ბრუნდება.
„შუამავლებმაც კი უკან დაიხიეს. რამე შანსი რომ არსებობდეს, ისინი გვთხოვდნენ, რომ დავრჩენილიყავით“, – თქვა ხავაჯა მუჰამად ასიფმა.
როგორც Bloomberg-ი იუწყება, ორი მეზობელი ქვეყანა ცდილობს, გაახანგრძლივოს მყიფე ზავი, რომელსაც მათ კატარისა და თურქეთის შუამავლობით გასულ თვეს მიაღწიეს მას შემდეგ, რაც საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები გაჩაღდა და რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა. ეს მოლაპარაკებების ჩაშლის მეორე შემთხვევაა.
ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მომხდარის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
