საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარტიაში – „გახარია საქართველოსთვის“ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
კერძოდ, როგორც ცნობილი გახდა, გიორგი გახარიას პარტიის წევრი ზაზა თავაძე პოლიტიკიდან მიდის და საადვოკატო საქმიანობას უბრუნდება.
პაპუაშვილის თქმით, გასაგებია, რომ ამ პარტიაში ასეთი პროცესები იქნება.
„[ეს არის] პარტია, რომლის თავმჯდომარეც ლენინივით გერმანიაში ზის და იქიდან უნდა ხელისუფლებაში მოსვლა – რაზე უნდა ვისაუბროთ. სასაცილო გახდა უკვე ეს ორგანიზაცია. გასაგებია, რომ ასეთი პროცესები იქნება ამ პარტიაში“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ პარტია ცნობილმა სახეებმა დატოვეს.
„ესენი იყვნენ ამ პარტიის სახეები – ზაზა თავაძე, ნათია მეზვრიშვილი, თეონა აქუბარდია, ყველამ დატოვა [პარტია]. მხოლოდ თავად გახარიაა, რომელიც ახლა გერმანიაში სწავლობს თუ ასწავლის, ვერ გავარკვიეთ, მაგრამ სტიპენდიატი რომ არის, ამაში გავერკვიეთ.
ნებისმიერს პარტიას, ორგანიზაციას, ჯგუფს, რომლის საწყისშიც დგას ღალატი და რომელიც ღალატის თესლიდან აღმოცენდება, არანაირი მომავალი არ აქვს იმიტომ, რომ შხამიანი თესლიდან მხოლოდ მწარე ნაყოფი გამოდის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
