„ევროკავშირის მთავარი დიპლომატი კრემლისთვის საჩუქარია“, – სტატიას ამ სათაურით ბრიტანული The Telegraph-ი აქვეყნებს. გამოცემა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში მიდგომას აკრიტიკებს.
„კაია კალასმა მშვენივრად იცის, რომ უკრაინის მომავლისთვის არაფერია იმაზე უფრო საბედისწერო, ვიდრე უთანხმოება კიევის დასავლელ მოკავშირეებს შორის. „რუსეთს სურს ამერიკისა და ევროპის დაყოფა“, – ამბობდა ის მარტში, თუმცა, ახლა, როცა რეალური სამშვიდობო შეთანხმების მძიმე პროცესი იწყება, ამერიკა და ევროპა ერთმანეთისგან უფრო დაშორებულები ვერ იქნებიან. და ამაში ბრალი ევროპის მიერ რეალობისთვის თვალის გასწორებაზე უარს მიუძღვის“, – წერს ავტორი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ სანამ ევროპა ტრამპის 28-პუნქტიანი გეგმიდან ყველაზე მტკივნეული პუნქტების ამოღებას ცდილობს, ომის დასრულების შესახებ რეალური მოლაპარაკებები მოსკოვს, ვაშინგტონსა და პეკინს შორის მიმდინარეობს.
„ევროპა არ მონაწილეობს მოლაპარაკებებში მაშინაც კი, როდესაც კონტინენტის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურა განიხილება. რუსებთან მოლაპარაკების უხეშ რეალობაში ჩართვის ნაცვლად, კალასმა და მისმა ევროპელმა კოლეგა ლიდერებმა პრაქტიკულ დიპლომატიას იდეოლოგიური სიწმინდე ამჯობინეს“, – აღნიშნულია სტატიაში.
ავტორი სვამს კითხვას, ეხმაურება კი საბოლოო ჯამში კალასის ხისტი პოზიცია უკრაინას და წერს, რომ მისი უარი პუტინთან საუბარზე და იმის დაჟინებული მტკიცება, რომ სამართლიანობა მშვიდობაზე მნიშვნელოვანია, ხელი შეუწყო იმას, რომ ევროპა ფაქტობრივად გამორიცხულია მოლაპარაკებების დასკვნითი ეტაპიდან და დასავლეთის დაყოფა გამოიწვია.
„როგორც იუწყებიან, თეთრი სახლის მაღალჩინოსნები გაღიზიანებული არიან იმის გამო, რასაც ისინი ევროპის საგარეო პოლიტიკის „ესტონიზაციას“ უწოდებენ. უფრო მეტიც, ამ კვირას გამოქვეყნებული აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ვაშინგტონის დამოკიდებულებაში მნიშვნელოვან ცვლას აუწყებს ევროპაში მის უახლოეს მოკავშირეებთან მიმართებაში“, – აღნიშნავს ავტორი.
ამასთან, Telegraph-ი წერს, რომ კალასის მოწოდებები გამარჯვებამდე ბრძოლისკენ უკრაინაშიც გაღიზიანებას იწვევს, რადგან ის კიევს ამ მიზნის მისაღწევად არც რეალისტურ გეგმას და არც საკმარის ფინანსებს სთავაზობს.
„ბევრი დაეთანხმება კალასის ღრმა უნდობლობას კრემლის მიმართ და გაიზიარებს მის იმედებს გამარჯვების, რეპარაციებისა და პუტინის სასამართლოს წინაშე წარდგენის შესახებ. მაგრამ პრაქტიკაში ამის მიღწევა შეუძლებელია – მათ შორის იმიტომაც, რომ ევროპა მუდმივად ბევრად მეტ ფულს უგზავნიდა კრემლს ნავთობისა და გაზის სანაცვლოდ, ვიდრე კიევს საკუთარი თავის დასაცავად აძლევდა. იდეოლოგიის დრო დასრულდა. ამ ეტაპზე, ბევრს, შესაძლოა უკრაინელების უმრავლესობასაც კი, სამუდამო ომს უსამართლო მშვიდობა ურჩევნია“, – წერს ავტორი.
