2022 წლის შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინას შორის ომი დაიწყო, საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე იყო მოწინავე რიგებში, ვინც მხარს უჭერდა უკრაინის სასარგებლოდ და რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციებს, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
„მათ შორის ისეთი ქვეყნებიც კი, რომლებიც ჩვენ ჭკუას გვასწავლიდნენ, ზოგი თავს იკავებდა და ზოგი წინააღმდეგ აძლევდა ხმას. ახლაც ასე მოხდა, როდესაც ნატოს ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამაც კი თავი შეიკავა და არ მისცა ხმა რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციას“, – აღნიშნა დეპუტატმა.
საქართველოს მორიგი მხარდაჭერა უკრაინას – ამჯერად ჩვენი ქვეყანა ეუთოს 40-ზე მეტი სახელმწიფოს ერთობლივ განცხადებას შეუერთდა. გმობენ რუსეთის ქმედებებს; მოუწოდებენ, შეწყვიტოს თავდასხმები უკრაინაზე და სერიოზულად ჩაერთოს რეალურ მოლაპარაკებაში.
