“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, თავისი გამოძიების ფარგლებში, ყველა კითხვას გასცა პასუხი, შესაბამისად, აქ უკვე სპეკულაციები აღარ არსებობს – დადასტურდა, რომ BBC- ის გამოძიებაში მოცემული ფაქტები იყო მტკნარი სიცრუე და საერთოდ არ შეიცავდა სიმართლეს”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა სრულყოფილი და დეტალური გამოძიება.
“160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, 90-მდე პირი გამოიკითხა, ჩატარდა ექსპერტიზები, გამოთხოვილია ყველა შესაბამისი რელევანტური დოკუმენტაცია, რაც აუცილებელი იყო ამ საქმის გამოძიებისთვის და დადგინდა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმოქმედა კანონის შესაბამისად. არ დადასტურდა, რომ თითქოს, გამოყენებული იყო ნივთიერებები, რომელიც იყო აკრძალული და შეიცავდა ნივთიერება “კამიტს”, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არის აკრძალული. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავისი გამოძიების ფარგლებში, ყველა კითხვას გასცა პასუხი. შესაბამისად, აქ უკვე სპეკულაციები აღარ არსებობს. დადასტურდა, რომ BBC-ის გამოძიებაში მოცემული ფაქტები იყო მტკნარი სიცრუე და საერთოდ არ შეიცავდა სიმართლეს”, – განაცხადა დარახველიძემ.
ცნობისთვის, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
ამასთან, სუს-ის ინფორმაციით, 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ,,პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი.
უწყების ცნობითვე, არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას – ,,კამიტი” კი შსს-ს არასდროს შეუძენია”.
