ამერიკა ამბობს, რომ ევროპამ უნდა იფიქროს რაციონალურად, პრაგმატულად და რეალისტურად, არ უნდა იყოს ილუზიებში და არსებულ პრობლემებს თვალი გაუსწოროს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მახაშვილმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიის დოკუმენტის შეფასებისას აღნიშნა, რომ აშშ-მა აღიარა, რომ აღარ აპირებს, მსოფლიო პოლიციელის როლში იყოს და სხვა სახელმწიფოებსაც აქვთ პასუხისმგებლობა უსაფრთხოების თუ სხვა სახის პრობლემაზე.
„საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც მთელ მსოფლიოში ცივი ომის შემდეგ უსაფრთხოების არქიტექტურას არსებითად ცვლის. ეს ამერიკის საბოლოო გადაწყვეტილება და აღიარებაა, რომ ამერიკა აღარ აპირებს, რომ მსოფლიო პოლიციელის როლში იყოს და სხვა სახელმწიფოებსაც აქვთ პასუხისმგებლობა უსაფრთხოების თუ სხვა სახის პრობლემაზე. ეს ევროპისთვისაც მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ფაქტობრივად, ამით ევროპის 70-წლიანი ზღაპარი სრულდება, სადაც მის დიდ ძმას შეეძლო, ევროპისთვის უსაფრთხოება სრულად უზრუნველყო და ევროპელებს ერთადერთი საზრუნავი რაც შეიძლებოდა, ჰქონოდათ, ეს ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა იყო. როგორც ჩანს, დღეს, ეს პერიოდი დასასრულს უახლოვდება და თუ ვინმემ ევროპაში უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს, თავად ევროპული სახელმწიფოები არიან და არავინ სხვა.
ამიტომ, ეს დოკუმენტი ჩვენც ყურადღებით უნდა შევისწავლოთ, რადგან აქ ბევრი ისეთი აქცენტია, რასაც საქართველოზე გავლენა ექნება. ეს დოკუმენტი აღიარებს, რომ ევროკავშირის ბევრი სახელმწიფოს ხელისუფლება წინააღმდეგობაში მიდის იმ რაციონალური ინტერესების მიმართ, რაც შეიძლება, ამ ქვეყნებს ჰქონდეთ. მაგალითად, ომი არ არის ევროკავშირის არც უსაფრთხოების და არც ეკონომიკურ ინტერესებში, მაგრამ მაინც ვხედავთ, ომის რიტორიკას როგორ აგრძელებს ზოგიერთი ქვეყანა. ამერიკაც იმას ამბობს, რომ ევროპამ უნდა იფიქროს რაციონალურად, პრაგმატულად და რეალისტურად, არ უნდა იყოს ილუზიებში და არსებულ პრობლემებს თვალი უნდა გაუსწოროს. ჩვენც სწორედ იმას ვამბობთ, რომ ბრიუსელის პოლიტიკა სრულ წინააღმდეგობაში მოდის ევროპისა და მშვიდობის ინტერესებთან. ამ მხრივ, ჩვენ თანხვედრა გვაქვს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან“,- განაცხადა მახაშვილმა.
