“კიდევ ერთი აცდენა შტატებისა და ევროკავშირის პოლიტიკას შორის” – მმართველ გუნდში ენჯეო სექტორის დაფინანსებასთან დაკავშირებით, იმ განსხვავებულ გზავნილებზე საუბრობენ, რაც ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან ერთმანეთის პარალელურად ისმის.
მარკო რუბიო ამბობს, რომ ამერიკა აღარ აპირებს ენჯეოებზე მილიარდობით დოლარის დახარჯვას, მარტა კოსმა კი მანამდე თქვა, რომ ბრიუსელი არასამთავრობოების დაფინანსებას ზრდის და უცხოური ფულის საქართველოში შემოტანის გზებს ეძებს.
თემასთან დაკავშირებით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ თუკი ვინმეს სურს მსოფლიოში რაიმე ფორმით ქვეყნის დახმარება, ის უნდა იყოს ხელისუფლებასთან კოორდინაციაში და არა ცალკეულ მდიდარ ენჯეოებთან, რომელთაც ისედაც საკმაოდ დიდი თანხები და სიმდიდრე აქვთ.
“ვხედავთ, თუ როგორი აცდენაა საღ აზრსა და ევროკავშირის ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ იმ ანტიდემოკრატიულ, სუვერენიტეტის შემლახავ პოზიციებთან, არა კონკრეტული სახელმწიფოს, კონკრეტული სახელმწიფოს მოსახლეობის, არამედ ცალკეული ადამიანების ფინანსურ მხარდაჭერას იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა, რომლებიც ენჯეოშნიკების მანტიაში არიან გახვეულნი, საბოლოო ჯამში, შეასრულონ არა საკუთარი ქვეყნის და მოსახლეობის, არამედ იმ ადამიანების ნება-სურვილი, ვისგანაც ისინი იღებენ თანხებს.
რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები არის სავსებით მართალი ამ შემთხვევაში, რადგანაც ქვეყანას და მის ხალხს წარმოადგენს მისი ხელისუფლება. სწორედ ეს არის დემოკრატიის ხიბლი და დემოკრატიის პრინციპი. თუკი ვინმეს სურს მსოფლიოში რაიმე ფორმით ქვეყნის დახმარება, ის უნდა დაეხმაროს და დახმარება მიმართოს ხელისუფლებასთან კოორდინაციაში და არა ცალკეულ მდიდარ ენჯეოებს, რომელთაც ისედაც საკმაოდ დიდი თანხები და სიმდიდრე აქვთ მაგალითად საქართველოში, ქვეყნის არევის და ამ ქვეყანაში უბედურების დათესვის მეტი დიდწილად არაფერი გაუკეთებიათ,” – აცხადებს დავით მათიკაშვილი.
