ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ. ამ გაერთიანებამ რომ იარსებოს და მომავალი ჰქონდეს, შიგნით ცვლილებები აუცილებლად უნდა მოხდეს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას.
მისივე თქმით, ევროკავშირში დღეს რა პრობლემებიც არის, ამაზე უკვე ევროპელებიც საუბრობენ.
„ბრიუსელმა პოლიტიკა თუ არ შეცვალა, ვფიქრობ, ამ გაერთიანებას დიდი მომავალი არ აქვს. აუცილებლად ფუნდამენტური ცვლილებები უნდა მოხდეს. სხვა შემთხვევაში ევროკავშირს არსებობა ძალიან გაუჭირდება“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისკენ მისწრაფების შესახებ არაერთხელ განაცხადა.
„ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ. ამ გაერთიანებამ რომ იარსებოს და მომავალი ჰქონდეს, შიგნით ცვლილებები აუცილებლად უნდა მოხდეს. ევროკავშირში თვითონ მასში შემავალ ქვეყნებს შორის არის დაპირისპირება, ასევე გარე ქვეყნებთანაც, რომლებიც ევროკავშირის წევრი არ არიან. ხელის გადაგრეხის ეს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, განსაკუთრებით კი საქართველოსთან მიმართებით, რაც წლების განმავლობაში ხდება.
ევროპაში სანამ კონსერვატიული ძალები უმრავლესობაში არ მოვლენ, ევროკავშირის ქვეყნებში აუცილებლად იქნება მსგავსი დაპირისპირებები. ლიბერალური ფაშიზმი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. რა პოლიტიკასაც ევროკავშირი დღეს ატარებს, ეს არ არის მათი ფასეულობები და ღირებულებები. ევროკავშირის ფასეულობები და ღირებულებები ჩვენ ვიცით, ათეული წლის წინ რაც იყო“, – განაცხადა ჭეიშვილმა.
