მინდა მთელ საქართველოს, თითოეულ ქართველს მივულოცო UNESCO-ს ისტორიული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები, იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შევიდა, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
UNESCO-ს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ისტორიული გადაწყვეტილება იმ უდიდესი გამოცდილების აღიარებაა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს და დროთა განმავლობაში ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილად აქციეს.
„მინდა მთელ საქართველოს, თითოეულ ქართველს მივულოცო UNESCO-ს ისტორიული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები, იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შევიდა.
ეს იმ უდიდესი გამოცდილების კიდევ ერთი აღიარებაა, რომელიც აქ, ამ ტერიტორიაზე, ამ ქვეყანაში მცხოვრებმა ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს, დროთა განმავლობაში კი საკუთარი ყოველდღიურობის, წეს-ჩვეულებებისა და ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილად აქციეს, თაობიდან თაობას გადასცეს და დღევანდელ დღემდე შემოგვინახეს.
ხორბალსა და პურს ჩვენთვის – ქართველებისთვის, დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ჩვენი ხალხისთვის ხორბალი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობაა. საქართველოში ხორბალთან და პურის ცხობასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები მრავალსაუკუნოვან ისტორიას ითვლის. მხოლოდ ის რად ღირს, რომ ამ პატარა, მაგრამ უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანაში, სხვადასხვა კუთხეს საკუთარი უნიკალური პურის სახეობა გააჩნია, ეს მრავალფეროვნება კი, საბოლოოდ, ერთ დიდ ცოდნასა და გამოცდილებაში იყრის თავს, რასაც „ქართული ხორბლის კულტურა“ ეწოდება“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, UNESCO-ს გადაწყვეტილება ხაზგასმით გამოხატავს, რომ ქართველებმა, არაერთ ღირსშესანიშნაობასთან, ტრადიციასა და გამოცდილებასთან ერთად, მსოფლიოს უნიკალური, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ხორბლის ჯიშები და კულტურული ტრადიციებიც აჩუქეს.
„ამაყი ვარ, რომ UNESCO-ს ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უმნიშვნელოვანეს გარემოებას – ჩვენ, ქართველებმა, არაერთ ღირსშესანიშნაობასთან, ტრადიციასა და გამოცდილებასთან ერთად, მსოფლიოს უნიკალური, მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი ხორბლის ჯიშები და კულტურული ტრადიციებიც ვაჩუქეთ. ეს ფაქტი კი ადასტურებს, რომ წარსულის დაფასებასა და პატივისცემასთან ერთად, ხორბლის კულტურისა და მასთან დაკავშირებული დარგების სამომავლო განვითარების დიდი პერსპექტივები გვაქვს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტმა პროცესში მონაწილე ყველა პირს მადლობა გადაუხადა.
„ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი ყველა უწყების თითოეულ იმ თანამშრომელს, ვინც ამ უმნიშვნელოვანეს, საქვეყნო საქმეში იყო ჩართული“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
