სახელმწიფომ მოხსნა მთავარი ბარიერი იმისთვის, რომ კეთილსინდისიერმა ინვესტორებმა განაგრძონ ახალ, დათქმულ ვადებში ენერგეტიკული პროექტების განვითარება, დასრულება იმისთვის, რომ ჩვენ წლიდან წლამდე ვნახოთ აჩქარებული ტემპი ენერგეტიკის სექტორში, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორში მთავრობის ახალ ინიციატივაზე საუბრისას, რომელიც დავალიანების ჩამოწერას ეხება.
მინისტრის თქმით, ახალი ინიციატივით სახელმწიფომ თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანა ინვესტორებთან, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო შეუთანხმდება ინვესტორებს ახალ ვადებზე. ქვრივიშვილის განმარტებით, ახალი ვადების მონიტორინგი, მათ შორის სახელმწიფოს მხრიდან იქნება საკმაოდ მკაცრი.
„თუმცა მეორეს მხრივ სახელმწიფო განაგრძობს იყოს ძალიან დიდი მხარდამჭერი თითოეული კეთილსინდისიერი ინვესტორის, რომელიც მოტივირებულია და რომელსაც აქვს სურვილი და განზრახვა თავისი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში. სახელმწიფომ მოხსნა მთავარი ბარიერი იმისთვის, რომ კეთილსინდისიერმა ინვესტორებმა განაგრძონ ახალ, დათქმულ ვადებში ენერგეტიკული პროექტების განვითარება, დასრულება იმისთვის რომ ჩვენ წლიდან წლამდე ვნახოთ აჩქარებული ტემპი ენერგეტიკის სექტორში. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი, განსაკუთრებით საშუალოვადიან პერიოდში, არის რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს თვითკმარი ელექტროენერგიის გენერაციის თვალსაზრისით“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
