გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე იმ პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელიც უნდა აირჩიოს საქართველომ. როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, საქართველომ კვლავაც უნდა გააგრძელოს სამშვიდობო პოლიტიკა და ეკონომიკური კავშირების გამყარება.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კვლავ გავაგრძელოთ ის პოლიტიკა, რომელმაც საქართველო ფაქტობრივად, გადაარჩინა ერთი მხრივ ომში ჩათრევას და მეორე მხრივ, რეალურად დაგვანახა ჩვენი შესაძლებლობები, რომელსაც ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა მიუხედავად ოკუპაციისა, დღეს იძლევა საქართველოსთვის. „შუა დერეფანს“ ვგულისხმობ და თუნდაც, [დავასახელოთ] პრემიერის ბოლო ვიზიტი თურქმენეთში და შეხვედრები, რომლებიც მან წარმართა სახელმწიფოებთან, რომლებიც სწორედ ამ დერეფანში ლოგისტიკური და ეკონომიკური კავშირების დამყარების კუთხით ძალიან დიდ შესაძლებლობას შეიძლება, აძლევდნენ საქართველოს.
ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი მომდევნო წლების განმავლობაში – მშვიდობის შენარჩუნება, რასაც ბუნებრივად მივყავართ სუვერენიტეტის შენარჩუნებამდე და მეორე – ეკონომიკური კავშირების გამყარება და იმ რესურსის ბოლომდე ათვისება და გამოყენება, რასაც ძალიან დიდი კონტრიბუცია შეუძლია, შეიტანოს საქართველოს ეკონომიკის შემდგომ განვითარებაში“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
მან საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და პროგნოზებზეც ისაუბრა.
„ეკონომიკის ზრდას ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვაკვირდებით. მათ შორის, ვიცით, რომ ბოლო 9 თვის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა 1 მილიარდ 200 ათასზე მეტია, მათ შორის ისეთი სახელმწიფოებიდან, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ნიდერლანდები და ასე შემდეგ.
ის პროგნოზები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის განვითარებასთან მიმართებით იდება, მათ შორის, ევროკავშირის მხრიდან, ნათლად მიუთითებს, რომ ჩვენი პოლიტიკა კვლავაც და კვლავაც უნდა ეფუძნებოდეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, რის, რის მთავარი მამოძრავებელი საფუძველიც უნდა იყოს სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს.
ეს არის ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის დაკვეთა, რომელმაც ძალიან კარგად იცის და ახსოვს 2008 წელი, როდესაც ბევრი ემოციური აპლოდისმენტი მივიღეთ მათ შორის, ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერების მხრიდან. თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგა, არც ნატოს კარი გავიღო არავინ მიუხედავად ამ ილუზორული დაპირებებისა და ევროკავშირში გაწევრიანებაც მაცდუნებელ, შანტაჟის იარაღად იყო გამოყენებული“, – განაცხადა დეპუტატმა.
