ევროკავშირის, ბრიუსელის პოზიციებთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები არსებობს, რომლებსაც ამომწურავი პასუხები სჭირდება და არა ისეთი უსუსური პასუხი, როგორიც კაია კალასმა გასცა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრობა არ ნიშნავს, რომ უნდა გაჩუმდე და ყველაფერზე თავი დახარო.
„უსუსური მცდელობა იყო, რომ კითხვას გაქცეოდნენ, რადგან ლეგიტიმური კითხვებია ევროკავშირის, ბრიუსელის პოზიციებთან დაკავშირებით. როცა ლეგიტიმური კითხვებია, მას ამომწურავი პასუხები სჭირდება და არა ასეთი უსუსური პასუხი. ევროკავშირის წევრობა არ ნიშნავს, რომ გაჩუმდე და ყველაფერზე თავი დახარო. კითხვები იმ განწყობით ისმევა ევროკავშირის მიდგომების გაუმჯობესებისთვის და არა იმიტომ, რომ ბრიუსელი აკრიტიკო. ევროკავშირის მაღალჩინოსნებისგან ამომწურავ პასუხებს ველოდებით და არა, კითხვებიდან ასეთ გაქცევას. მნიშვნელობა არ აქვს, ევროკავშირის წევრობა გინდა თუ არა. როცა ხედავ, რომ პარტნიორი სამართლიანად არ იქცევა და სამართლიანობის თაობაზე ლეგიტიმური კითხვებია, ამ კითხვებს პასუხები სჭირდება. ასე იქცევიან პარტნიორები, როცა კითხვებს სვამენ და მას ამომწურავი პასუხი ეცემა. რასაც ბრიუსელის ზოგიერთი მაღალჩინოსანი აკეთებს, ეს არის არა პარტნიორული დამოკიდებულება, არამეს ბატონყმური – შენი საქმე არ არის, რასაც გეტყვის, უნდა გააკეთო და გაჩუმდე. ეს არ არის ის, როგორც პარტნიორები ერთმანეთს უნდა ეპყრობოდნენ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
შეგახსენებთ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა: „აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რასაც ვკითხულობთ, სასიამოვნო არ არის, თუმცა საქართველოსთან განსხვავება იმაშია, რომ აშშ არ ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას“.
