აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ჩინეთი ტაივანს თავს დაესხმება.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს სამხედრო წვრთნების შესახებ არაფერი უთქვამს.
„მე შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ სი ძინპინთან, მაგრამ მას არაფერი უთქვამს ამის შესახებ (ტაივანის მახლობლად სამხედრო წვრთნების). მე, რა თქმა უნდა, ვნახე ეს, მაგრამ მას არაფერი უთქვამს და არ მჯერა, რომ ის აპირებს თავდასხმას,“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, ჩინეთმა ტაივანის გარშემო მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. ტაივანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მათ კონტროლირებად ზონებში 90 ჩინური საომარი თვითმფრინავი შევიდა. პეკინმა კუნძულის გარშემო 7 დიდი სამხედრო ზონა შექმნა, სადაც საბრძოლო წვრთნებს ატარებენ.
მანამდე აშშ-მა ტაივანისთვის 11.1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვა დაამტკიცა.

