რუმინეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს, თუმცა მზადაა, შავ ზღვაში უსაფრთხოების გაძლიერებით წვლილი შეიტანოს, – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა განაცხადა.
„რუმინეთმა აიღო ვალდებულება, რომ არა ჯარები განალაგოს, არამედ უკრაინას ლოჯისტიკური მხარდაჭერა გაუწიოს, უკრაინელი სამხედრო პერსონალი რუმინეთში ან სხვა ევროპულ ქვეყანაში არმიებთან თანამშრომლობით გაწვრთნას და ერთობლივ შეიარაღების პროგრამებში მონაწილეობა მიიღოს“, – ნათქვამია რუმინეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, სამშვიდობო მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და ევროპამ ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს.
„ჩვენი ერთიანობა და კოორდინაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ყველა მონაწილე მტკიცედ უჭერს მხარს აშშ-ს ხელმძღვანელობით გაწეულ ძალისხმევას. ჩვენი საერთო მიზანია საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე დაფუძნებული სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა. რუმინეთი მზადაა, წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის მრავალმხრივი მხარდაჭერის გაგრძელებით და შავ ზღვაში უსაფრთხოების გაძლიერებით“, – აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, ომის დასრულების შემდეგ, უკრაინაში მრავალეროვნული ძალების განთავსების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. მოგვიანებით იტალიისა და გერმანიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინაში ჯარების განლაგებას არ აპირებენ.

