ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის გამო უნგრელები ყოველწლიურად ორი პენსიის გარეშე დარჩებიან, – ამის შესახებ უნგრეთის-პრემიერ მინისტრმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.
ორბანი ამტკიცებს, რომ უკრაინა მომდევნო ათ წელიწადში ევროკავშირისგან ისეთ დაფინანსებას ითხოვს, რომლითაც უნგრელების პენსიების გადახდა მომდევნო 40 წლის განმავლობაში იქნებოდა შესაძლებელი.
მისი განცხადებით, საუბარია 800 მილიარდ ევროზე, რომლის მიღებაც უკრაინის პრემიერ-მინისტრს ბრიუსელისგან სურს.
„გუშინდელ მთავრობის სხდომაზე ჩვენ მოვისმინეთ ანგარიში, როგორ გაანაწილებენ ბრიუსელელები ამ 800 მილიარდ ევროს და რითაც მოხდება ამ დაფინანსების უზრუნველყოფა. შედეგი საკმაოდ საშინელია. ბრიუსელის განკარგულებით გაუქმდებოდა მეცამეტე და მეთოთხმეტე პენსია, გაუქმდებოდა ოჯახის შემწეობები და უნგრელ გადასახადების გადამხდელებს დაუწესებდნენ პროგრესულ საშემოსავლო გადასახადს. ყველაფერი ეს საჭირო იქნება იმისთვის, რომ დაიფაროს უკრაინელების კომუნალური ხარჯები“, – წერს ორბანი.
ორბანის თქმით, უნგრეთის მთავრობა გაასაჯაროებს ამ გეგმას, რათა უნგრელმა ამომრჩევლებმა აპრილში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღონ გადაწყვეტილება.
ცნობისთვის, უნგრეთში მეცამეტე პენსია ოფიციალურად გაიცემა და მას პენსიონერები თებერვალში იღებენ. 2025 წლის ნოემბერში უნგრეთის მთავრობა მეთოთხმეტე პენსიის შემოღების ინიციატივითაც გამოვიდა. უნგრეთის ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მეცამეტე და მეთოთხმეტე პენსიის დაწესება ფაქტობრივად ამომრჩევლების მოსყიდვას წარმოადგენს და ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას. საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში აპრილში გაიმართება.

