აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი, როგორც მთავარსარდლის ძალაუფლება მხოლოდ მისივე „საკუთარი მორალით“ არის შეზღუდული.
The New York Times-თან ვრცელ ინტერვიუში კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე შეზღუდვა მის გლობალურ ძალაუფლებაზე, ტრამპმა უპასუხა:
დიახ, არის ერთი რამ. ჩემი საკუთარი მორალი. ჩემი საკუთარი გონება. ეს ერთადერთი რამაა, რასაც ჩემი შეჩერება შეუძლია.
„მე არ მჭირდება საერთაშორისო სამართალი“, – დასძინა მან. – „მე არ ვცდილობ ხალხისთვის ზიანის მიყენებას“.
როდესაც მას ჰკითხეს იმის შესახებ, მართებს თუ არა მის ადმინისტრაციას საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვა, ტრამპმა უპასუხა: „კი, მართებს“.
თუმცა, მან მკაფიოდ განმარტა, რომ თავად იქნება არბიტრი იმის გადაწყვეტისას, თუ როდის გავრცელდება მსგავსი შეზღუდვები შეერთებულ შტატებზე.
„ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორია საერთაშორისო სამართლის თქვენეული დეფინიცია“, – განაცხადა მან.

