ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, 37 წლის ქალი, რომელიც მინეაპოლისში სამართალდამცველი ოფიცრის ტყვიას ემსხვერპლა, რადიკალი აქტივისტი და დაქირავებული აგიტატორი იყო. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ოფიცრების მიმართ მსგავსი ქცევა დაუშვებელია და აუცილებლად დაადგენს, თუ ვინ აფინანსებს საიმიგრაციო პოლიტიკის საწინააღმდეგო აქციებს.
„ყველამ ნახა რა მოხდა. ეს ქალი ძალიან აგრესიულად იქცეოდა. ის რადიკალი იყო, ისევე როგორც მისი მეგობარი. არ შეიძლება სამართალდამცველების მიერ ასეთი ქმედება. სხვა თუ არაფერი, ეს ქალი და მისი მეგობარიც უკიდურესად უპატივცემულოდ მოექცა სამართალდამცველებს. შეურაცხყოფას აყენებდნენ და დასდევდნენ. ვფიქრობ, პროფესიონალი აგიტატორები არიან და გავიგებთ, თუ ვინ აფინანსებთ მათ. ის, რაც ამ ქალმა და მისმა მეგობარმა გააკეთეს, აღმაშფოთებელია“, – განაცხადა ტრამპმა.
ამერიკის საიმიგრაციო და სასაზღვრო აღსრულების ხელმძღვანელის განმარტებით, 37 წლის რენე ნიკოლ გუდის მიერ სამართალდამცველებისთვის გზის დაბლოკვა, მათი პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლა იყო, რაც ფედერალური დანაშაულია. ის აფრთხილებს დემოკრატებს, რომ თუ სამართალდამცველების წინააღმდეგ სიძულვილის რიტორიკა არ შეწყდება, გაცილებით მეტი სისხლი დაიღვრება. ფედერალური აგენტების უსაფრთხოებისთვის, ამერიკის შიდა უსაფრთხოების მდივანმა მინეაპოლისში დამატებით ასობით ოფიცერი გაგზავნა.

