სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ევროკავშირს უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ერთადერთი, რაც გაერთიანებას იდეალურად გამოსდის, რუსების სიძულვილია.
როგორც რობერტ ფიცომ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აღნიშნა, ევროკავშირი ახლა განიცდის საშინელ კრიზისს, რომლის მსგავსიც აქამდე არასდროს განუცდია.
მისი განცხადებით, აღნიშნულ კრიზისში გადარჩენას მხოლოდ „ძლიერები“ შეძლებენ.
სლოვაკეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ბლოკს ამ კრიზისიდან გამოსასვლელად ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია.
„ერთადერთი, რაც ევროკავშირმა იცის, რუსების სიძულვილია. ეს არის თვისება, რომელიც იდეალურად გამოსდით. სამწუხაროდ, ევროკავშირმა ვერაფრის გაკეთება შეძლო. კონკურენტუნარიანობა მცირდება. ჩვენ ვერ ვახერხებთ შიდა დონეზე შეთანხმების მიღწევას და ვერ ვთანხმდებით ერთობლივ თავდაცვაზე. ყველა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისკენ იყურება“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.
სლოვაკეთის პრემიერის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებით, ევროკავშირის წარმომადგენლები „კიდევ უფრო უმწეოები გახდნენ, ვიდრე აქამდე იყვნენ“.
ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ „ძლიერი სლოვაკეთი“ ევროკავშირისთვის იბრძოლებს და ქვეყანა ბლოკს არ დატოვებს.
ამასთან, ფიცოს თქმით, აშშ-ის მიერ ვენესუელაში ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ჩატარებულმა სამხედრო ოპერაციამ მსოფლიო წესრიგი დაანგრია. აღნიშნულის გამო რობერტ ფიცომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გააკრიტიკა.
„მსოფლიო წესრიგი უკვე ჩამოინგრა, ეს აშკარაა. ისინი საერთაშორისო სამართლის რაიმე მექანიზმის არსებობას ყურადღებას აღარ აქცევენ. ყურადღებას არ აქცევენ იმ ფაქტს, რომ სამხედრო ძალის გამოყენებას საერთაშორისო ორგანიზაციის მანდატი სჭირდება. დონალდ ტრამპი ამას პირდაპირ აკეთებს, ამას არ მალავს. ის არ იტყვის, რომ ვენესუელაში მიდის, რადგან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების აღდგენა სურს. ის იტყვის: „მე იქ ნავთობისთვის მივდივარ. ჩვენ ამ ნავთობს გავყიდით და ყველაფერი, რასაც ვენესუელელები იყიდიან, შეერთებულ შტატებში უნდა იყიდონ“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.
რობერტ ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ ვენესუელასა და უკრაინაზე „ბევრი საუბარია შესაძლებელი“, მაგრამ მას აინტერესებს, რა რეაგირება ექნება ევროკავშირს ამ ყველაფერზე და რა მოხდება შემდეგ.

