გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ორშაბათს სირიის ლიდერს აჰმედ ალ-შარაას შეხვდება. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, შეხვედრა გერმანიის საგარეო პოლიტიკის დილემას წარმოადგენს: თუ დიალოგი ჯიჰადისტებთან შესაძლებელია, მაშინ ვისთან არ შეიძლება მოლაპარაკებების გამართვა?
გერმანული მედია მკითხველს შეახსენებს, რომ აჰმედ ალ-შარაას ტერორისტული წარსული კარგად დოკუმენტირებულია. ის 2003 წელს აბუ მოჰამედ ალ-ჯულანის სახელით ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ შეუერთდა და ერაყში ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ ომობდა. ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილმა ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ ის 2011 წელს სირიაში გააგზავნა, რათა მას იქ „ისლამური სახელმწიფოს“ განშტოება „ალ-ნუსრას ფრონტი“ შეექმნა.
თავის დროზე შეერთებულმა შტატებმა ახალი დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და ალ-ჯულანის დაკავებისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა. ალ-ჯულანიმ „ალ-ქაიდას“ ერთგულების ფიცი დადო და „ისლამურ სახელმწიფოს“ განუდგა. „ალ-ნუსრას ფრონტმა“ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა დაიწყო და ბაშარ ასადის შეიარაღებული ოპოზიციის ლიდერები მოიშორა.
ალ-ჯულანიმ „ალ ჯაზირასთვის“ მიცემულ პირველ ინტერვიუში განაცხადა, რომ მის მიზანს სირიაში ისლამური სამართლის საფუძველზე მმართველობის ფორმის ჩამოყალიბება წარმოადგენს, სადაც ალავიტ, შიიტ, დრუზ და ქრისტიანულ უმცირესობებს ადგილი არ ექნებათ. მას შემდეგ, რაც 2024 წლის ბოლოს ალ-ჯულანი ხელისუფლებაში მოვიდა, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების მასობრივი მკვლელობები გასაკვირი არ არის.
როგორც გერმანული მედია იუწყება, სირიის ახალ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა მებრძოლებმა ათობით ათასი ალავიტი და 5 ათასი დრუზი მოკლეს. ცოტა ხნის წინ ისინი ალეპოს ქურთ მოსახლეობას დაესხნენ თავს. ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები სირიაში ალ-ჯულანის პირობებში, რომელიც ახლა საკუთარ თავს აჰმედ ალ-შარაას უწოდებს, მომავალს ვერ ხედავენ.

