აშშ-ში ჩატარებული ორი ახალი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამომრჩეველთა უმეტესობას არ სურს აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ზომების მიღება და მიაჩნია, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საზღვარგარეთ უფლებამოსილებებს აჭარბებს.
რეგისტრირებულ ამომრჩევლებში კვინიპიაკის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 70 პროცენტი ეწინააღმდეგება აშშ-ის სამხედრო ჩარევას ირანში, მაშინაც კი, თუ ირანის მთავრობის წინააღმდეგ დემონსტრაციების დროს მომიტინგეები დაიღუპებიან, 18 პროცენტი სამხედრო ქმედებებს მხარს უჭერს.
გამოკითხვის თანახმად, ამომრჩეველთა 70 პროცენტი ფიქრობს, რომ პრეზიდენტს სამხედრო ქმედებების დაწყებამდე ჯერ კონგრესის თანხმობა უნდა მიეღო. ამასთან, ნიკოლას მადუროს დაკავებამდე ტრამპსკონგრესის თანხმობა არ მიმიუღია, რამაც როგორც დემოკრატი, ასევე რესპუბლიკელი კანონმდებლების კრიტიკა გამოიწვია.
გარდა ამისა, ამომრჩევლები ნაკლებად უჭერენ მხარს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საზღვარგარეთ აშშ-ის გავლენის გასაფართოებლად განხორციელებულ სხვა აგრესიულ საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს.
ტრამპი ამტკიცებს, რომ გრენლანდიაზე აშშ-ის კონტროლის მოპოვების მცდელობა ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის სასარგებლოა. მიუხედავად ამისა, 86 პროცენტი გრენლანდიის დასაკავებლად სამხედრო ძალის გამოყენების წინააღმდეგია, ხოლო 55 პროცენტი – მისი ყიდვის წინააღმდეგი.
Associated Press-NORC-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის კვლევის ცენტრის ცალკეულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების მზარდ რაოდენობას სურს, რომ აშშ-მა „ნაკლებად აქტიური როლი ითამაშოს გლობალურ საქმეებში.
ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის, სილია ფლორესის დაკავების შემდეგ, გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების 56 პროცენტის აზრით, ტრამპი „ძალიან შორს წავიდა“ საზღვარგარეთ სამხედრო ძალის გამოყენებისას.

