კარიბის ზღვაში აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ ერთი ტანკერი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
აშშ-ის სამხედრო ძალების სამხრეთ სარდლობამ გამთენიისას ჩატარებული ოპერაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ აშშ-ის ძალებმა ტანკერი „ვერონიკა“ „ინციდენტების გარეშე“ დააკავეს.
„ვენესუელიდან მხოლოდ ის ნავთობი გავა, რომელიც სათანადოდ და კანონიერად იქნება კოორდინირებული“, – ნათქვამია სამხრეთ სარდლობის განცხადებაში.
მონიტორინგის სერვისი TankerTrackers-ის გადაზიდვის დოკუმენტების თანახმად, გაიანას დროშის ქვეშ მცურავი Aframax-ის ტანკერი Veronica იანვრის დასაწყისში ვენესუელის წყლებიდან ცარიელი გავიდა. მათივე ცნობით, გემი ვენესუელაში არ დაბრუნებულა, როგორც ეს ბოლო დღეებში სხვა გემებმა გააკეთეს.
მედიის ინფორმაციით, „ვერონიკა“ (IMO 9256860) ნავთობის ტანკერია, რომელსაც რუსული გადაზიდვების კომპანია MG-FLOT LLC მართავს.
როგორც „როიტერი“ წერს, ეს დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული მეექვსე გემია, რომელსაც ვენესუელური ნავთობი გადაჰქონდა და აშშ-მა დაიკავა.

