კეროლაინ ლევიტი ბრიფინგზე ერთ-ერთ ჟურნალისტს დაუპირისპირდა. თეთრი სახლის პრესსპიკერი ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა, რომელიც მინეაპოლისში მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტს ეხებოდა. მას შემდეგ, რაც რეპორტიორმა საემიგრაციო სამსახურის ოფიცერი ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ღიად დაადანაშაულა, ლევიტმა მას მემარცხენე პროპაგანდისტი უწოდა.
როგორც მან განაცხადა, ამერიკის საემიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომლები ფაშისტები არ არიან და ისინი კანონს აღასრულებენ.
„თქვენ მიკერძოებული ჟურნალისტი ხართ მემარცხენე შეხედულებებით. თქვენ მემარცხენეების პროპაგანდისტი ხართ და არა ჟურნალისტი, უბრალოდ თავი მოგაქვთ ჟურნალისტად. თქვენ და მედიის ის მიკერძოებული წარმომადგენლები ვინც თავს ჟურნალისტებს უწოდებთ, საერთოდ არ უნდა იყოთ აქ“, – მიმართა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჟურნალისტს.

