აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მინესოტის შტატის გუბერნატორისა და მინეაპოლისის მერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ფედერალური საიმიგრაციო ოპერაციებისთვის ხელის შეშლის სავარაუდო მცდელობის გამო.
„ბიბისის“ ცნობით, საქმე ეხება მინესოტის გუბერნატორის, ტიმ უოლცისა და მინეაპოლისის მერის, ჯეიკობ ფრეის მიერ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) შესახებ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს. ერთ-ერთ მათგანში უოლცმა ფედერალურ აგენტებს „თანამედროვე გესტაპო“ უწოდა.
გუბერნატორი უოლცი მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„მართლმსაჯულების სისტემის ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენება ავტორიტარული ტაქტიკაა“, – დაწერა უოლცმა.
გუბერნატორმა მინესოტის მოსახლეობას მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდა. მანამდე, ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებით, მინეაპოლისში მყოფ ათასობით ფედერალურ სამართალდამცველს აეკრძალა წიწაკის სპრეის გამოყენება და მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავება. გარდა ამისა, მათ ეკრძალებათ ავტომობილების გაჩერება ან მგზავრების დაკავება იმ შემთხვევებში, „თუ არ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მოქალაქეები ძალით უშლიან ხელს ან ერევიან ფედერალური აგენტების საქმიანობაში“.
ცნობისთვის, ქალაქში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირას საბაჟო და საიმიგრაციო სამსახურის აგენტმა 37 წლის რენე გუდი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. 16 იანვარს გუდის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, მინეაპოლისში მცხოვრებ ქალს, სულ მცირე, სამი ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა და შესაძლოა, მეოთხე ჭრილობაც ჰქონდა თავში.
