გამოცემა AXIOS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებული სიტუაცია „ცვალებადია“, რადგან მან რეგიონში „დიდი არმადა“ გაგზავნა, თუმცა მიიჩნევს, რომ თეირანს რეალურად სურს შეთანხმების მიღწევა.
მიმდინარე თვის დასაწყისში, ათასობით მომიტინგის მკვლელობის გამო, ტრამპი ახლოს იყო ირანში რეჟიმის ობიექტებზე დარტყმის ბრძანების გაცემასთან. ამის ნაცვლად, მან გადაწყვეტილება გადაავადა და პარალელურად რეგიონში სამხედრო რესურსების გადასროლა დაიწყო. თეთრი სახლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თავდასხმის ვარიანტი კვლავ განიხილება, მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი ძირითადად ჩახშობილია.
ინფორმირებული წყაროების ცნობით, ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. სავარაუდოდ, ის ამ კვირაში დამატებით კონსულტაციებს გამართავს და მას სამხედრო მოქმედებების კიდევ რამდენიმე ვარიანტს წარუდგენენ.
„ჩვენ ირანის მახლობლად დიდი არმადა გვყავს. უფრო დიდი, ვიდრე ვენესუელასთან“, – განაცხადა ტრამპმა.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ დიპლომატია კვლავ რჩება ერთ-ერთ ვარიანტად.
„მათ სურთ შეთანხმების მიღწევა. მე ეს ვიცი. მათ მრავალჯერ დარეკეს. მათ საუბარი სურთ“, – აღნიშნა მან.
