ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, გიორგი შონიასთან ერთად, მშენებელთა ასოციაციის წევრებს და დარგობრივი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს გამოცხადებული და დაგეგმილი ტენდერების შესახებ.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ტენდერები მოიცავს პარკების, რაგბის და ტექნიკური სტადიონების მშენებლობას, ქალაქებისა და კურორტების რეაბილიტაციას, აბასთუმნის კულტურული მემკვიდრეობის განახლებას და რუსთავის ძველი უბნის ნაწილის რეაბილიტაციას. იგეგმება, ასევე, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 12 ქალაქში გამწმენდი ნაგებობებისა და წყალარინების ქსელის მშენებლობას გეგმავს, მათ შორის ვანში, ბაღდათსა და სამტრედიაში. პარალელურად მიმდინარეობს გურჯაანისა და წყალტუბოს წყალმომარაგების პროექტების შემუშავება.
მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო გეგმავს წყალმომარაგების სფეროს გაძლიერებას საერთაშორისო კომპანიების ჩართვით, მათი გამოცდილების გაზიარებითა და პრაქტიკის გათვალისწინებით.
რევაზ სოხაძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის ხარისხი და გამჭვირვალობა პრიორიტეტია. “პროექტირებებზე გადასვლის გადაწყვეტილება, რამაც დროებით შეაჩერა ტენდერების გამოცხადება, მიმართულია პროცესის გამჭვირვალობისა და ხარისხის ამაღლებისკენ. ყველა ტენდერი გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდება. თავის მხრივ, სამშენებლო კომპანიებმა არ უნდა აიღონ შესაძლებლობაზე მეტი ვალდებულებები”,- აღნიშნა მინისტრმა.
რევაზ სოხაძის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მთავრობასთან ერთად, მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ქართული კომპანიების განვითარებას, რადგან ძლიერი კერძო სექტორი, სახელმწიფოს წარმატების გარანტია.
შეხვედრა ინტერაქტიური ფორმატით წარიმართა. სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებმა თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს და მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის მინისტრს და საქვეუწყებო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს თავიანთი მოსაზრებები გააცნეს.
მინისტრმა განაცხადა, რომ მშენებელთა ასოციაციასთან მსგავსი შეხვედრები რეგულარულად გაიმართება, ხოლო არაწევრ კომპანიებთან, სურვილის შემთხვევაში, ინდივიდუალური თანამშრომლობა შედგება.
