ვისაც დაგაჯერეს, რომ ჩინეთთან მჭიდრო პარტნიორობა დასავლეთთან დაშორებას ნიშნავდა, უკვე დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ, – წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.
აღნიშნული პოსტით იგი ჩინეთთან პარტნიორობის თემას ეხმიანება და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ევროკავშირის, ასევე სხვა ქვეყნების ლიდერების მიერ გადაღებულ ფოტოებს აზიარებს.
„როდესაც, ჩვენ, ფაქტობრივად, ყველას დავასწარით და ჩინეთთან გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობა, რასაც მაშინვე კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვა – დასავლეთი გვაკრიტიკებდა.
აღმოჩნდა, რომ ჩინეთთან პარტნიორობა და თანამშრომლობა ყველას საციცოცხლოდ სჭირდება, მითუმეტეს – ევროკავშირს. შეგახსენებთ, რომ ერთმანეთის მიყოლებით ბატონ სი ძინპინს ესტუმრნენ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ბატონი მაკრონი, კანადის პრემიერი, ბრიტანეთის პრემიერი, ხოლო შემდეგი გერმანიის კანცლერია. ყველას სურვილია, რომ ჩინეთთან გააღრმავოს ურთიერთობა და ყველა თვლის, რომ ეს საკუთარი ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია.
კარგია, რომ რაც დრო გადის, ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა. ამ შემთხვევაშიც, მორიგ ჯერზეც აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები უალტერნატივოა.
ვისაც დაგაჯერეს, რომ ჩინეთთან მჭიდრო პარტნიორობა დასავლეთთან დაშორებას ნიშნავდა, უკვე დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ“, – წერს ლევან მაჭავარიანი.
