ესტონეთი, უსაფრთხოების რისკების გამო, აპირებს, აკრძალოს ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენა რუსეთისა და ბელარუსის იმ მოქალაქეების მიერ, რომლებსაც მუდმივი ბინადრობის სტატუსი არ გააჩნიათ. აკრძალვა იმ კომპანიებსაც შეეხება, რომლებიც მუდმივი ბინადრობის სტატუსის არმქონე პირების სახელით მოქმედებენ.
მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ესტონეთი იშვიათად გასცემს ვიზებს რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებზე, ევროკავშირის მრავალი სხვა ქვეყანა ამას ისევ აკეთებს. ეს აგრესორი ქვეყნების მოქალაქეებს ევროგაერთიანების შიდა ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების საშუალებას აძლევს. საფრთხეების შემცირების მიზნით, ახლახანს ესტონეთი გამოვიდა მოწოდებით, რომ საბრძოლო გამოცდილების მქონე ომის ყველა მონაწილეს ქვეყანაში შესვლა აეკრძალოს.
ამასთან, მესამე ქვეყნის მოქალაქეებზე მუდმივი ბინადრობის სტატუსი მხოლოდ მას შემდეგ გაიცემა, რაც პირი ესტონეთში, სულ მცირე, ხუთი წელი იცხოვრებს და ესტონურ ენაზე B1 დონეზე საუბარს შეძლებს.
ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ ტარო ამბობს, რომ კრემლისა და მისი მოკავშირეების აგრესიიდან გამომდინარე, გაურკვეველი წარსულის მქონე რუსი და ბელარუსი პირების მიერ უძრავი ქონების შეძენა უსაფრთხოების რისკს უფრო ზრდის.
„მცირე გამონაკლისების გარდა, ჩვენ ასეთ ხალხს ესტონეთში შემოსვლა და დარჩენა ავუკრძალეთ. ლოგიკური იქნება, თუ მათ აქ არც უძრავი ქონების შეძენის უფლება ექნებათ, რადგან ის, კრიზისულ სიტუაციებში, შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ დაზვერვისა და დივერსიული ოპერაციებისთვის გამოიყენონ“, – აღნიშნა მინისტრმა 29 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.

„ეს არის რეალური საფრთხე. ამიტომ, შეიძლება, შეზღუდვებიდან პირდაპირ აკრძალვაზე გადავიდეთ, როგორც ეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრმა რამდენიმე მეზობელმა ქვეყანამ გააკეთა. მსგავსმა ტრანზაქციებმა ფინეთის, ნორვეგიის, შვედეთის, ლიტვის, ლატვიისა და სხვა ქვეყნების ხელისუფლების შეშფოთება გამოიწვია, რომლებიც ცდილობენ, ამ შესყიდვების მიღმა არსებულ მიზნებს ჩაწვდნენ. ჩვენთანაც იგივე პრობლემა დგას“, – განაცხადა იგორ ტარომ.
ესტონეთში უკვე მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები ესტონეთ-რუსეთის საზღვრისპირა რაიონებსა და მცირე კუნძულებზე ქონების შეძენაზე, თუმცა, შს მინისტრის თქმით, ეს არასაკმარისია.
რუსეთისა და ბელარუსის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ესტონეთშის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ცხოვრობენ, მომავალშიც შეუნარჩუნდებათ უძრავი ქონების შეძენის, გაყიდვის და მემკვიდრეობით ან საჩუქრად მიღების უფლება.
„ჩვენ ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები, რადგან ე.წ. გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემამდე, მათი წარსული საგულდაგულოდ შევამოწმეთ და მივიჩნიეთ, რომ მათთვის აკრძალვის დაწესება ამ ეტაპზე გამართლებული არ არის“, – დასძინა მინისტრმა.
9 იანვრის მდგომარეობით, ესტონეთში იმყოფება ბელარუსის 1 476 მოქალაქე დროებითი ბინადრობის ნებართვით და 1 190 მოქალაქე – გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვით, ასევე რუსეთის 7 797 მოქალაქე დროებითი ბინადრობის ნებართვით და 70 237 – გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვით.
https://news.err.ee/1609925750/estonia-to-ban-russian-belarusian-citizens-without-permanent-residency-from-buying-property
