დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მეფე ჩარლზ III-ის უმცროსმა ძმამ, 65 წლის ენდრიუ მაუნტბატენ-ვინძორმა, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე აშშ-ის კონგრესს ჩვენება უნდა მისცეს.
„ნებისმიერი პირი, რომელიც ფლობს ინფორმაციას, მზად უნდა იყოს მის გასაზიარებლად ნებისმიერი ფორმით, რომლითაც ამას სთხოვენ. შეუძლებელია მსხვერპლთა ინტერესებზე ფოკუსირება, თუ ამისთვის მზად არ ხარ“, – განაცხადა სტარმერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ენდრიუ მაუნტბატენ-ვინძორს Reuters-ის მოთხოვნაზე პასუხი არ გაუცია. ბუკინგემის სასახლემ კომენტარზე უარი თქვა.
ბრიტანეთის პრემიერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ეპშტეინის საქმეზე დოკუმენტების ახალი სერია გამოაქვეყნა. მათში აღმოჩნდა ელექტრონული წერილები, რომლებიც აჩვენებს, რომ ენდრიუ ეპშტეინთან ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ურთიერთობდა მას შემდეგ, რაც 2008 წელს ფინანსისტი ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილ სექსუალურ დანაშაულებში ცნეს დამნაშავედ.
გამოქვეყნებულ მასალებში ასევე აღმოჩნდა ფოტოები, რომლებზეც ენდრიუ მუხლებზე ზის და წელზე ეხება ქალს, რომელიც იატაკზე წევს. ფოტოებზე ქალის სახე დაფარულია.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ენდრიუს ეპშტეინთან რეგულარული მიმოწერა ჰქონდა. ისინი განიხილავდნენ პოტენციურ ბიზნეს გარიგებებს, სოციალურ შეხვედრებსა და ქალებს, რომელთა გაცნობასაც ფინანსისტი პრინცს სთავაზობდა. Reuters-ი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ წერილში ეპშტეინი ბუკინგემის სასახლეში 3 ქალის მიყვანას სთავაზობდა.
ენდრიუ ჯეფრი ეპშტეინთან მეგობრობდა. ბრიტანეთის მეფის ძმა უარყოფდა ამერიკელი ფინანსისტის დანაშაულებთან კავშირს და ამბობდა, რომ მასთან ურთიერთობა 2008 წელს, განაჩენის გამოტანის შემდეგ შეწყვიტა. მისი თქმით, ისინი 2010 წელს ნიუ-იორკში შეხვდნენ, თუმცა მხოლოდ იმისთვის, რომ ურთიერთობისთვის წერტილი დაესვათ.
ეპშტეინის ერთ-ერთი მსხვერპლი, ამერიკელი ვირჯინია ჯუფრე, ამბობდა, რომ 17 წლის ასაკში ენდრიუსთან სექსუალური კავშირი სამჯერ ჰქონდა. ჯუფრემ სიცოცხლე თვითმკვლელობით 2025 წლის აპრილში დაასრულა.
დიდი ბრიტანეთის მეფემ 2025 წლის ოქტომბერში ენდრიუს პრინცის ტიტული ჩამოართვა.
