კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ქალაქის მრავალბინიან სახლებში გათბობის მიწოდება ნაწილობრივ აღდგა. გათბობა უკრაინის ენერგოსისტემაში მომხდარი ავარიული სიტუაციის გამო იყო გათიშული.
ბოლო ორი დღის განმავლობაში სახლებში თბომომარაგების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა. 31 იანვრის 18:29 საათის მონაცემებით, გათბობის გარეშე 3419 საცხოვრებელი სახლი იყო დარჩენილი, 22:35 საათზე – დაახლოებით 2600, ხოლო 1 თებერვლის დილის 8:41 საათისთვის – ათასი სახლი.
„კომუნალური სამსახურები და ენერგეტიკოსები აგრძელებენ მუშაობას, რათა კიეველების ბინებში სითბო დააბრუნონ“, – განაცხადა კლიჩკომ.
1 თებერვლის ამინდის პროგნოზის მიხედვით, კიევში დილის 9:00 საათზე 16-გრადუსიანი ყინვა დაფიქსირდა. მოსალოდნელია, რომ დღის განმავლობაში ტემპერატურა -13 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო ღამით -20 გრადუსამდე დაეცემა.
უკრაინაში 31 იანვარს მომხდარი სისტემური ავარიის შედეგად, ელექტროენერგია ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში გაითიშა. ელექტროენერგიის მიწოდება საღამოსთვის აღდგა.
უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთის შეიარაღებული ძალების დარტყმების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. იანვარში, რუსული თავდასხმების გამო, უკრაინის ქალაქები შუქისა და სითბოს გარეშე დარჩა. აშშ-ის თხოვნით, რუსეთი დათანხმდა, რომ სიცივეების გამო 1 თებერვლამდე არ განახორციელებდა დარტყმებს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე.
