გერმანიაში თანამშრომელთა გაფიცვის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით მუშაობს.
როგორც გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, გაფიცვა ქვეყნის 16 მიწაზეა გამოცხადებული, რის გამოც ავტობუსები, მეტრო და ტრამვაი შეზღუდული გრაფიკით მოძრაობს.
სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები სამუშაო დღეების შემცირებას, დასვენების პერიოდის გახანგრძლივებასა და ზეგანაკვეთური, ღამით და უქმე დღეებში შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების გაზდას ითხოვენ.
გაფიცვასთან ერთად, ტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებს მეტეოროლოგიური პირობებიც. გერმანიის ზოგიერთ რეგიონში დღეს ყინვაა გამოცხადებული.
ცნობისთვის, სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელთა პროფკავშირმა „ვერდიმ“ საერთო ეროვნული გამაფრთხილებელი გაფიცვის შესახებ 30 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია. გაფიცვა შესაძლოა, ოთხშაბათამდე გაგრძელდეს.
