„ბლუმბერგის“ ცნობით, დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურის „მი-5“-ის გენერალურმა დირექტორმა, კენ მაკკალუმმა და ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, რიჩარდ ჰორნმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ უცხოურ სუბიექტებს გავლენის მოსაპოვებლად შეუძლიათ, გამოიყენონ ფინანსური და საინვესტიციო ინსტრუმენტები, ასევე სხვა ტაქტიკები, მათ შორის არის იძულება და სექსიც.
„ბლუმბერგის“ მიხედვით, ბრიტანეთის სპეცსამსახურების ეს გაფრთხილება ისმის იმ ფონზე, როდესაც იზრდება შეშფოთება შემოწირულობებისა და ქრთამებისადმი ბრიტანული დემოკრატიის მოწყვლადობასთან დაკავშირებით. სააგენტოს ცნობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა უკვე სწავლობს კრიპტოვალუტების როლს პოლიტიკურ დაფინანსებაში.
ამ მიზნით მზადდება სპეციალური ანგარიში, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს საკანონმდებლო ცვლილებებს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო ორგანოების ხელმძღვანელებმა შეხვედრა გამართეს 70-ზე მეტი ბრიტანული უნივერსიტეტის რექტორებთან, რათა მიეწოდებინათ მათთვის ინფორმაცია, როგორ ცდილობენ უცხოური სუბიექტები, მოახდინონ გავლენა კვლევებზე და ცენზურა.
„ბლუმბერგის“ ცნობით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პოლიტიკურ პარტია Reform UK-ის წევრი ნათან გილი დამნაშავედ ცნეს ევროპარლამენტში რუსეთის სასარგებლო განცხადებების გაკეთების სანაცვლოდ, ქრთამის აღებაში.
მედიის ცნობით, პარტია Reform Uk-ს ასევე ადანაშაულებენ ირანელ მილიარდერთან დაკავშირებული დიზაინერული კომპანიისგან სოლიდური ფულადი შემოწირულობის მიღებაში.
ცნობისთვის, დეკემბერში ნათან გილის გასამართლების შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, კირ სტარმერმა გასცა განკარგულება, სასწრაფოდ შეისწავლონ ბრიტანეთის პოლიტიკაში უცხოური ჩარევის ხარისხი.
