ევროკავშირი ჰონგკონგელი მედიამაგნატის, მილიარდერი ჯიმი ლაისთვის 20-წლიანი პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
ბრიუსელის განცხადებით, მისი მოტივირებული დევნა ზიანს აყენებს ჰონგ კონგის რეპუტაციას.
„ევროკავშირი გმობს ჰონგ კონგის უმაღლესი სასამართლოს მიერ 2026 წლის 9 თებერვალს ბრიტანეთის მოქალაქისა და მედიამეწარმისთვის (media entrepreneur), ჯიმი ლაისთვის დაკისრებულ მძიმე, 20-წლიან პატიმრობას. ევროკავშირი კვლავ იმეორებს თავის მოწოდებას ჯიმი ლაის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლების შესახებ, მისი ხანდაზმული ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. ჯიმი ლაის, Apple Daily-ს ყოფილი აღმასრულებელი ხელმძღვანელისა და ჟურნალისტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა ზიანს აყენებს ჰონგ კონგის რეპუტაციას. ევროკავშირი მოუწოდებს ჰონგ კონგის ხელისუფლებას, აღადგინოს ნდობა პრესის თავისუფლების მიმართ ჰონგ კონგში, რაც მისი ისტორიული წარმატების ერთ-ერთი საყრდენია, როგორც საერთაშორისო ფინანსური ცენტრისა, და შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, უცხოურ ძალებთან შეთქმულების ბრალდებით, ჰონგკონგელ მედიამაგნატს, მილიარდერ ჯიმი ლაის 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. როგორც მედია წერს, ლაი ჩინეთის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსი იყო და ხშირად პროტესტის იარაღად თავის გაზეთს, Apple Daily-ს იყენებდა. Apple Daily 1995 წელს ჯიმი ლაიმ დაარსა. გაზეთი ცნობილი იყო პროდემოკრატიული პოზიციითა და ჩინეთის მთავრობის კრიტიკით.
