ორშაბათს სამხედრო წყარომ სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ აშშ ნატოს ორ მთავარ სამეთაურო პოსტს – ნეაპოლსა და ნორფოლკში – ევროპელ ოფიცრებს გადასცემს.
„ეს ნაბიჯი შეესაბამება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოთხოვნებს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ უსაფრთხოებაზე. მისი ადმინისტრაცია გამოდის ინიციატივით, რომ სამხედრო ალიანსი, რომელშიც დიდი ხანია აშშ დომინირებს, „ევროპელების მიერ მართულ ნატოდ“ იქცეს“, – წერს სააგენტო Reuters-ი.
სამეთაურო გადაჯგუფების ფარგლებში, ევროპელი ოფიცრები ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების სარდლობას ნეაპოლში და ნორფოლკის გაერთიანებული ძალების სარდლობას ჩაიბარებენ.
ამჟამად ორივეს ამერიკელი ადმირალები ხელმძღვანელობენ – განაცხადა წყარომ, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა.
თუმცა, აშშ გადაიბარებს სამეთაურო სადავეებს იერარქიულად ოდნავ დაბალი რანგის სამ სტრუქტურაზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი ოპერატიული პასუხისმგებლობა აკისრიათ. ესენია: მოკავშირეთა საჰაერო სარდლობა, მოკავშირეთა საზღვაო სარდლობა და მოკავშირეთა სახმელეთო სარდლობა.
დაგეგმილი ცვლილებების შესახებ დასმულ კითხვაზე ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა: „მოკავშირეები შეთანხმდნენ ნატოს სამეთაურო სტრუქტურაში მაღალი რანგის ოფიცრების პასუხისმგებლობის ახალ გადანაწილებაზე, რომლის ფარგლებშიც ევროპელი მოკავშირეები, მათ შორის ნატოს უახლესი წევრები, ალიანსის სამხედრო ხელმძღვანელობაში უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ“.
