პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მას ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ სადამფუძნებლო სხდომაში მონაწილეობას ვერ აუკრძალავს.
ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის თუ სურს, მონაწილეობა მიიღოს „მშვიდობის საბჭოს“ სადამფუძნებლო სხდომაში, რომელიც 19 თებერვალს ვაშინგტონში გაიმართება, მან მთავრობის მითითებებით უნდა იხელმძღვანელოს.
ჟურნალისტებმა ნავროცკის ჰკითხეს, გაემგზავრება თუ არა აშშ-ში ამ შეხვედრაზე.
„პრემიერ-მინისტრს შეუძლია, მიუთითოს თავის შვილს, სად შეიძლება გაფრინდეს, ან თავის შვილიშვილებს, მაგრამ პრემიერ-მინისტრი ვერ მიუთითებს პოლონეთის პრეზიდენტს, სად უნდა გაფრინდეს. მე შემიძლია, გავემგზავრო, სადაც მსურს“, – განაცხადა ნავროცკიმ.
ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტმა განმარტა, რომ მას არ შეუძლია, მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანების შესახებ, რადგან ეს მთავრობის პრეროგატივაა.
„ამ კონტექსტში თავიდან ბოლომდე პრემიერ-მინისტრის მძევლები ვართ, იმ თვალსაზრისით, რომ მთავრობამ უნდა შთააგონოს პოლონეთს „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანება, ხოლო პრეზიდენტს შეუძლია ამ პროცესის დასრულება“, – განაცხადა ნავროცკიმ.
კაროლ ნავროცკიმ მთავრობის ხელმძღვანელს მოუწოდა, გარკვევით განსაზღვროს პოზიცია პოლონეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე და დონალდ ტუსკი პილატეს შეადარა.
„აქ პრემიერ-მინისტრი და მთავრობა პილატეს მსგავსად იქცევიან. ერთი მხრივ, საჯაროდ აცხადებენ, რომ მთავრობა არ გამოვა ინიციატივით პოლონეთის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, არ იღებენ შესაბამის რეზოლუციას“, – თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი არ შეუერთდება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაფუძნებულ „მშვიდობის საბჭოს“, თუმცა ამ შესაძლებლობას შეისწავლის.
ნავროცკიმ მთავრობას მოუწოდა, ქვეყნის „მშვიდობის საბჭოში“ წევრობისთვის მზადება დაიწყოს.
ცნობისთვის, ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვებით, პოლონელთა უმრავლესობა არ უჭერს მხარს დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ ქვეყნის გაწევრიანებას, თუ ამისთვის ერთი მილიარდი დოლარის გადახდა იქნება საჭირო.
