მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანი თუ დაიჯერებს, რომ მათი დღევანდელი ალიანსი განსხვავებულ იდეოლოგიაზე მდგარი რაღაც ახლის გაერთიანებაა და არა „სისხლიანი 9 წლის“ შემოქმედთა რეანიმაციის და რეაბილიტაციის მცდელობა, – ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე ოპოზიციის გაერთიანებას.
როგორც ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს, რადიკალებს „პოლიტიკურ სუფრაზე“ ერთად ყოფნის სურვილი კვლავ და კვლავ არ უნელდებათ.
„არაერთნაირთა ერთობით წარმოდგენილი ერთგვაროვნება გუშინ დიდი ზარ-ზეიმით გამოცხადდა ოპოზიციურ პარტიებს შორის ახალი დემოკრატიული ალიანსის – „არაერთნაირთა ერთობის“ შექმნა.
ამ „მრავალპარტიულ“ გაერთიანებას ხელი მოაწერეს შემდეგმა პოლიტიკურმა ლიდერებმა:
1. გიგა ბოკერიამ (2003-2012 წლებში ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგი და ნაცების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი);
2. ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ (პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან);
3. ელენე ხოშტარიამ (პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან და ნაცების მთავრობის სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე);
4. ნიკა გვარამიამ (პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან, მინისტრი ნაცების მთავრობაში და მათივე გენერალური პროკურორის მოადგილე);
5. თინა ბოკუჩავამ (პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან და დღესაც ნაცმოძრაობის თავმჯდომარე);
6. გიორგი ვაშაძემ (პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან, მინისტრის მოადგილე ნაცების მთავრობაში);
7. აკაკი ბობოხიძემ (პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან, ნაცების სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში), და გიგი წერეთელმა (პარლამენტის წევრი და ვიცე-სპიკერი ნაციონალური მოძრაობიდან);
8. „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიამ“ (ნაცების სატელიტი ორგანიზაცია, რომლის თავმჯდომარის ერთი წლის გარდაცვალების შემდეგ დღეს ამ პარტიის თავმჯდომარის ვინაობაც კი არ იძებნება);
9. ლევან ცუცქირიძემ (დაახლოებით 1,5 წლის წინ პოლიტიკურ პარტიად გადაკეთებული პრო-ნაცური არასამთავრობო ორგანიზაციის „თავისუფლების მოედანის“ თავმჯდომარე).
ამჟამად ეს პატივცემული პოლიტიკოსები ფორმალურად წარმოადგენენ სრულიად სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებს:
„ფედერალისტებს“, გირჩი-მეტი თავისუფლებას, “დროას”, “ახალს“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ევროპული საქართველოს“ და ა. შ.
მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანი თუ დაიჯერებს, რომ მათი დღევანდელი ალიანსი განსხვავებულ იდეოლოგიაზე მდგარი რაღაც ახლის გაერთიანებაა და არა “სისხლიანი 9 წლის” შემოქმედთა რეანიმაციის და რეაბილიტაციის მცდელობა.
ქართული სუფრის ანალოგია რომ გამოვიყენოთ, როდესაც ბოლო სადღეგრძელოში მოქეიფეები დაშლა-არმოშლის სადღეგრძელოს სვამენ, სწორედ იმას გულისხმობენ, რომ დღეს კი ვიშლებით, მაგრამ ღმერთს ვთხოვთ, რომ მომავალში ჩვენი ერთობა არ მოიშალოს და ისევ შევხდეთ სუფრასთანო.
და აი, წლების შემდეგ ისევ შეხვდნენ პოლიტიკურ სუფრასთან “სისხლიანი 9 წლის” შემოქმედნი და მონაწილენი, მხოლოდ პოლიტიკური თამადა ჰყავთ იზოლაციაში, მაგრამ პირობას დებენ, რომ ყველაფერს იზამენ ტყვეობიდან მის გამოსახსნელად და სუფრის თავში წამოსასკუპებლად.
სრულიად ბუნებრივია, რომ ამ ხალხს “პოლიტიკურ სუფრაზე” ერთად ყოფნის სურვილი კვლავ და კვლავ არ უნელდებათ.
ყველაზე საშიში ის არის, რომ უკლებლივ ყველა მათგანი ქვეყნისთვის ყველაზე წარმატებულ პერიოდად მიიჩნევს იმ სისხლიანი წლების მმართველობის ფორმებსა თუ მეთოდებს.
ისინი მხოლოდ ცალკეულ დანაშაულებს აღიარებენ და იმასაც გადაცდომებს არქმევენ, ამიტომაც სათვალავშიც არ იღებენ იმ უმძიმეს, ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, რადგან როდესაც “დიდი ხე იჭრება, ნაფოტებიც ცვივაო”.
ამ ყაიდის კრიმინალი “პოლიტიკოსები” კვლავაც “დემოკრატიის შუქურების” რანგში აპირებენ წარდგნენ აშშ-ში პოლიტიკურ პოდიუმზე და იქაურ შეფებს მოაწონონ თავი, თან დაჰპირდნენ, რომ სწორედ იმ 9-წლიანი მმართველობის ფორმებით და მეთოდებით ვემსახურებით ყველა უცხოელს, ვინც ძალაუფლების დაბრუნებაში დაგვეხმარებაო.
არც პარტიებს და არც პიროვნებებს არ ვადარებთ ერთმანეთს, მაგრამ თვალსაჩინოებისათვის წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ გარკვეული წლების შემდეგ “ქართული ოცნება” დამარცხდება არჩევნებში (აბა, მუდმივად ხომ არ იქნებიან ხელისუფლებაში), რის შემდეგაც ამ პარტიის აქტივისტებმა შექმნან ილუზია, რომ ვითომ “დაიშალნენ” (სინამდვილეში “გაიშალონ”), ჩამოაყალიბონ სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციები და ასეთი გზით სცადონ ხელისუფლებაში დაბრუნება. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ კი გადაწყვიტონ ახალი ილუზიის შექმნა, თითქოს ამ „მრავალმა განსხვავებულმა“ პარტიამ მოახერხა „მრავალფეროვანთა“ ერთიანობის პოლიტიკური ალიანსის შექმნა.
მოაწყონ პრეზენტაცია, სადაც ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, შალვა პაპუაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, გიორგი ვოლსკი, თეა წულუკიანი, ნინო წილოსანი, გურამ მაჭარაშვილი და სოზარ სუბარი დაიმატებენ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან გაპოლიტიკოსებულ პირს (მაგალითად, შაკო კუჭაშვილს) და სცადონ საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ თითქოს ეს 9 იდეოლოგიურად „განსხვავებული“ პარტია გამოხატავს ამომრჩეველთა უმრავლესობის ინტერესებს და ამის მიუხედავად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი ერთ ალიანსად გაერთიანდნენ ხელისუფლებაში მოსასვლელად.
ვინმე დაიჯერებს წლების შემდეგ ამ ადამიანთა იდეოლოგიურ განსხვავებულობას?
ეს თვალსაჩინოება იმ 20-30 წლის წინ დაბადებული ახალგაზრდებისთვის მოვიტანეთ, ვინც დღეს აქტიურად ცდილობს პოლიტიკურ პროცესებში გარკვევას და ჩართვას, მაგრამ არ უცხოვრიათ შეგნებული ცხოვრება ნაცების მმართველობის პერიოდში და გულუბრყვილოდ სჯერათ მათი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და უფლებების დაცვაზე ზრუნვის.
ასე რომ, გუშინდელ პრეზენტაციაზე მხოლოდ ერთგვაროვან სულთა და ხორცთა ერთობა იხილა საზოგადოებამ, რომლის უდიდესი ნაწილი უკვე კარგად ერკვევა ნაციონალების ამ პოლიტიკურ მანიპულაციებში.
ჩვენი მოქალაქეების მხოლოდ გულუბრყვილო უმცირესობამ შეიძლება დაიჯეროს „რაღაც ახალი“ პოლიტიკური ინგრედიენტის შექმნა, ან იმათ, ვისაც ცხოველური ზიზღი გააჩნია დღევანდელი ხელისუფლების მიმართ და მზად არიან, რომ სრულიად შეგნებულად დაიბრმაონ თვალი ნებისმიერი სიმართლის მიმართ“, – წერს ნანა კაკაბაძე.
