საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, მმართველი პარტიის რეგიონულ მდივან დიმიტრი სამხარაძესთან და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, ირაკლი კირცხალიასთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ასევე საქართველოს პარლამენტის დელეგატებს აჭარის რეგიონიდან ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე წარუდგინა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი.
„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო სულხან თამაზაშვილს, რომელმაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე ნაყოფიერი და წარმატებული სამუშაო შეასრულა. მან უმოკლეს დროში აღმოფხვრა სერიოზული პრობლემები და საფუძველი ჩაუყარა რეგიონისათვის მნიშვნელოვან პროექტებს. მინდა მას წარმატება ვუსურვო შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე.
რაც შეეხება ზურაბ პატარაძეს, წარმოგიდგენთ მას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე. როგორც იცით, გასულ წლებში ბატონი ზურა მუშაობდა დიპლომატიურ სამსახურში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მან გასწია უაღრესად მნიშვნელოვანი საქმიანობა ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანაში, ახლა კი დაბრუნდება მშობლიურ მხარეში და დარწმუნებული ვარ, რომ გაორმაგებული ენერგიით შეუდგება დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრი გვერდში ედექით სულხან თამაზაშვილს, ასევე, მადლობას გიხდით ახალი კანდიდატის უპირობო მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
