ბუქარესტის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ რუმინეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს წინააღმდეგ მტკიცებულებები უკანონო გზით იყო მოპოვებული, რაც ბრალდების პოზიციას ძირს უთხრის. ინფორმაციას Brussels Signal-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დღეს გამოტანილი დადგენილება ავალდებულებს ბრალდების მხარეს საქმიდან ამოიღოს ათეულობით მოწმის ჩვენებები და მასალები, რომელთა საფუძველზე მემარჯვენე პოლიტიკოსს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ის თავის მოწინააღმდეგეს უსწრებდა.
The Brussels Signal-ი აღნიშნავს, რომ ჯორჯესკუ არის ცნობილი ნაციონალისტური შეხედულებებით, ნატოსა და ევროკავშირის კრიტიკით. ის პოლიტიკაში 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოვიდა. იმავე წლის ნოემბერში მან არჩევნების პირველ ტურში მოულოდნელად პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ რუსეთის ჩარევისა და საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საბაბით შედეგები გააუქმა.
შედეგების გაუქმებამ რუმინეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია. ჯორჯესკუს მომხრეები ბრიუსელს ჩარევაში ადანაშაულებდნენ.
ამის შემდეგ ჯორჯესკუს კანონთან პრობლემები შეექმნა. 2025 წლის თებერვალში რუმინეთის პროკურატურამ ჯორჯესკუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მას ძალადობისკენ მოწოდებასა და კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობაში ბრალი დასდო.
