ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი კარგი ფაქტია, კარგია, რომ ვიზიტი შედგა, კარგია, რომ მას შეხვედრები ჰქონდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პირველი პირებისგან მოისმინა ინფორმაცია, რაც მათ აინტერესებდათ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ასევე, ეუთო-ს წარმომადგენელთან საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების გარემოს, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ სიტუაციას და ზოგადად, ეუთო-ს სივრცეში არსებულ გამოწვევებს.
„ინტერესის სფეროს ასევე წარმოადგენს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ საქართველოში შიდა პოლიტიკური სიტუაცია. ერთი რამ არის ცხადი, ყველა ვთანხმდებით, რომ პოლიტიკოსების ადგილი არის პარლამენტში და ბოიკოტი არის დამაზიანებელი მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც შედიან ბოიკოტში და ამას იზიარებს ყველა, ვინც განიხილავს ზოგადად შიდა პოლიტიკურ სიტუაციას საქართველოში. რაც შეეხება კანონის უზენაესობას, ერთი რამ არის, კანონი არის კანონი, არის თანაბარი ყველასთვის და რა თქმა უნდა ეს არის ის პრინციპი, რაც ამოძრავებს საქართველოს ხელისუფლებას ნებისმიერ სამართალდამრღვევთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით, რა პასუხი აქვს მმართველ გუნდს, მაკა ბოჭორიშვილი პასუხობს; „ეგ ტერმინი არ ყოფილა გამოყენებული, არ ვიცი, რას ნიშნავს“.
