ევროკომისიამ აშშ-ს მოუწოდა, მკაცრად აღასრულოს რუსულ ნავთობზე „დიდი შვიდეულის“ მიერ დაწესებული ფასის ზედა ზღვარი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
აღნიშნული მოწოდება მოჰყვა ვაშინგტონის მიერ ორშაბათს გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, აშშ ნავთობთან დაკავშირებულ გარკვეულ სანქციებზე უარს იტყვის, რაც მიწოდების უზრუნველყოფასა და ფასების შემცირებას ისახავს მიზნად.
ორშაბათს ნავთობის ფასმა ბარელზე 119 დოლარს მიაღწია, რაც ბოლო თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
„ძალიან მნიშვნელოვანია „დიდი შვიდეულის“ მიერ დაწესებული ფასის ზედა ზღვრის მკაცრი აღსრულება და, შესაძლოა, საზღვაო მომსახურებაზე სრული აკრძალვის დაწესება, რათა შეიზღუდოს რუსეთის სამხედრო შემოსავლები, რადგან საპირისპირო ქმედება კონტრპროდუქტიული იქნება“, – განაცხადა ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში, ვალდის დომბროვსკისმა.
„ეს გააძლიერებს რუსეთის შესაძლებლობას, აწარმოოს ომი, რაც ძირს გამოუთხრის უკრაინას, ჩვენს მხარდაჭერას უკრაინისადმი და ასევე იმ მიზნებს, რომელთა მიღწევასაც აშშ და ისრაელი ირანში ცდილობენ, რადგან ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ასევე მხარს უჭერს ირანის სამხედრო ძალისხმევას“, – დასძინა მან.
