ლიეტუვის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტისა და თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი მეორე საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული უახლესი ანგარიშის თანახმად, ლიეტუვაში რეგისტრირებული კომპანიები საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის და დასავლურ ტექნოლოგიებზე წვდომის მოსაპოვებლად გამოიყენება.
ყოველწლიურ ანგარიშში დასახელებულია სამი კომპანია – BK Software-ი, NTLab-ი და Kosminis Vytis-ი, როგორც მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებენ რუსეთთან და ბელარუსთან დაკავშირებული აქტორები ლიეტუვაში არსებულ ბიზნესებს სანქციებისთვის თავის ასარიდებლად და სენსიტიური ტექნოლოგიების მოსაპოვებლად.
ანგარიშის მიხედვით, მსგავსი სქემების გამოყენების პროცესში ხშირი იყო ისეთი კომპანიების გააქტიურების შემთხვევები, რომლებსაც ბოლო პერიოდში ძალიან მცირე ბიზნესაქტივობა ჰქონდათ ან საერთოდ უმოქმედონი იყვნენ.
სანქცირებულ მომწოდებელთან დაკავშირებული კომპანია
ანგარიშში მოყვანილი ერთ-ერთი საქმე ეხება ვილნიუსში დაფუძნებულ ფირმა BK Software-ს, რომელიც 2004 წელს შეიქმნა და 2012 წლამდე Baltijos kogeneracija-ს სახელით ოპერირებდა.
ამჟამად კომპანიას რუსეთის მოქალაქე, ელენა ლუპანდინა ფლობს და ხელმძღვანელობს, თუმცა გასული წლის ნოემბრამდე მას მისი ქმარი, კირილ ლუპანდინი აკონტროლებდა.
ლიეტუვის დაზვერვის ანგარიშის თანახმად, ლუპანდინის საქმიანობა ნათლად აჩვენებს, თუ როგორ ცდილობენ საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლის მსურველი რუსეთის მოქალაქეები უმოქმედო ბიზნესების ხელახლა ამოქმედებას.
გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ BK Software-მა საქმიანი კავშირები დაამყარა ჰონგ კონგში რეგისტრირებულ კომპანია Asia Pacific Links Limited-თან, რომელსაც რუსეთის მოქალაქე, ანტონ ტრომიფოვი ფლობს.
აღნიშნული კომპანია ევროკავშირისა და შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ იმყოფება და მიჩნეულია მიკროელექტრონული კომპონენტების ერთ-ერთ უმსხვილეს მომწოდებლად, რომლებსაც რუსული კომპანიები „ორლანის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოებლად იყენებენ.
ლიეტუვის დაზვერვის მტკიცებით, „თითქმის დანამდვილებით“ შეიძლება ითქვას – BK Software-ი შეგნებულად თანამშრომლობდა ჰონგ კონგის კომპანიასთან და იცოდა, რომ მისი მეშვეობით, აღჭურვილობა საბოლოოდ რუსულ სტრუქტურებთან მოხვდებოდა.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ლუპანდინს კონტაქტები ჰქონდა რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის (FSB) იმ ქვედანაყოფთან, რომელიც უცხოურ კომპიუტერულ და სატელეკომუნიკაციო ქსელებში ტექნიკური შეღწევის ოპერაციებშია ჩართული.
დაზვერვის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ხელისუფლებამ დაადგინა, რომ ლუპანდინის ლიეტუვაში ყოფნა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას რისკებს უქმნიდა.
მანამდე, 2013-2014 წლებში, ლუპანდინი ლიეტუვაში რეგისტრირებული სხვა ფირმის, AmberCore DC-ის ხელმძღვანელად მუშაობდა. ეს კომპანია და კიდევ ერთი ფირმა, Arcus Novus-ი, ვილნიუსთან ახლოს მონაცემთა ცენტრის აშენებას გეგმავდნენ, თუმცა პროექტი მას შემდეგ შეჩერდა, რაც კომპანიები ეროვნული უსაფრთხოების რისკად მიიჩნიეს.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, BK Software-ი კომპიუტერული პროგრამირების სფეროში ოპერირებს. ამჟამად კომპანიას ერთი თანამშრომელი ჰყავს. 2024 წელს მან 268 000 ევროს ოდენობის შემოსავალი და 22 000 ევროს ოდენობის წმინდა მოგება დააფიქსირა.
ლიეტუვის დაზვერვის ცნობით, სანქციებისთვის თავის არიდების სქემების ორგანიზებაში ჩართული სუბიექტების დაახლოებით 50%-ს ბელარუსის მოქალაქეები აკონტროლებენ, 31%-ს – რუსეთის მოქალაქეები, ხოლო 19%-ს – სხვა ეროვნების პირები.
საფარად გამოყენებული ლიეტუვური იდენტობა
ანგარიშში ყურადღება ასევე გამახვილებულია ტექნოლოგიური სექტორის ორ კომპანიაზე – NTLab-სა და Kosminis Vytis-ზე. გამომძიებლების თქმით, ისინი იმ დასავლური ტექნოლოგიების შესამუშავებლად და მოსაპოვებლად გამოიყენებოდა (როგორც საფარი), რომელთა გამოყენებაც სამოქალაქო და სამხედრო ინდუსტრიებშია შესაძლებელი.
„რუსეთი და მისი მოკავშირე ბელარუსი, საზღვარგარეთ დაფუძნებული კომპანიების მეშვეობით, დასავლური ტექნოლოგიების შემუშავებასა და მოპოვებას ცდილობენ. დასავლური ტექნოლოგიების შეძენის მიმართ მათი ინტერესი კვლავ ძალიან მაღალია“, – ნათქვამია ანგარიშში.
სადაზვერვო სამსახურებმა დაადგინეს, რომ რუსულ და ბელარუსულ თავდაცვის ინდუსტრიებთან დაკავშირებული სუბიექტები ლიეტუვურ კომპანიებს უცხოურ ფირმებთან კონტაქტების დასამყარებლად და ტექნოლოგიებზე წვდომისთვის იყენებდნენ.
„ეს კომპანიები ლიეტუვისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან მაღალტექნოლოგიურ სექტორში ოპერირებდნენ და თანამშრომლობდნენ რუსეთისა და ბელარუსის იმ სუბიექტებთან, რომლებიც ამ ქვეყნების თავდაცვის ინდუსტრიებს უჭერენ მხარს“, – აღნიშნულია ანგარიშში.
NTLab-ს, რომელიც 2000 წელს ვილნიუსში Almena-ს სახელით დაარსდა, ამჟამად ბელარუსის მოქალაქე, დიმიტრი ჩერნიაკოვსკი ხელმძღვანელობს. მისი აქციონერია დიმიტრის ქალიშვილი, დარია ჩერნიაკოვსკაია, რომელიც აშშ-ის მოქალაქეა.
კომპანიამ ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც ლიეტუვის მთავრობის გადაწყვეტილება, რომლითაც იგი ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველად გამოცხადდა, სასამართლოში გასაჩივრდა. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ NTLab-მა, სოფლის მეურნეობის სექტორისთვის მაღალი სიზუსტის ნავიგაციის მოწყობილობის შესამუშავებლად, ევროპული დაფინანსება მიიღო.
Kosminis Vytis-ი შედარებით ახალი კომპანიაა, რომელიც 2017 წელს ვილნიუსში Džiunglių upė-ს სახელით შეიქმნა. მას ბელარუსის მოქალაქე, ნიკოლაი ჩერნიაკოვსკი ხელმძღვანელობს. კომპანიის აქციონერია მისი და- დარია.
ლიეტუვის დაზვერვა მიიჩნევს, რომ დიმიტრი ჩერნიაკოვსკიმ ლიეტუვაში კომპანიების ბიზნეს-ინფრასტრუქტურა შექმნა და მათ თავის შვილებთან ერთად მართავდა.
ანგარიშის თანახმად, ეს ოჯახი, საპირისპირო მტკიცებების მიუხედავად, ინარჩუნებდა კავშირებს რუსეთსა და ბელარუსში, ზედამხედველობდა შვილობილ კომპანიებს და კონტაქტები გააჩნდა რუსულ და ბელარუსულ თავდაცვის სექტორებთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან.
გამომძიებლების თქმით, ნიკოლაი ჩერნიაკოვსკი რუსეთში არსებულ კომპანიებსაც ხელმძღვანელობდა, მათ შორის – Navitron-სა და Sains-tech-ს. უფრო ფართო ბიზნეს-ჯგუფში ასევე შედიოდა ბელარუსული ფირმები: SoftSistemz-ი, NaviIS-ი და MikroDizain-ი.
რუსეთსა და ბელარუსთან დაკავშირებული კომპანიები სამხედრო ხასიათის პროგრამებში მონაწილეობდნენ და თავდაცვის სექტორის ინსტიტუტებთან თანამშრომლობდნენ, მათ შორის: ბელარუსის სამხედრო აკადემიასთან, LEMT-ის სამეცნიერო და ტექნიკურ ცენტრთან, სკოლკოვოს ინოვაციების ცენტრთან, Modul-ის სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრთან და რუსულ ნახევარგამტარების მწარმოებელ Mikron-თან, რომელთაგან ბევრი საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება.
ასეთი კავშირების მიუხედავად, NTLab-ი და Kosminis Vytis-ი პარტნიორებსა და კლიენტებთან თავს წარმოაჩენდნენ, როგორც ლიეტუვური კომპანიები, რომლებსაც მოსკოვის ან მინსკის მთავრობებთან კავშირი არ გააჩნდათ.
„თუმცა, ლიეტუვური იდენტობა მხოლოდ საფარს წარმოადგენდა“, – ნათქვამია ანგარიშში და იქვე აღნიშნულია, რომ კომპანიების საქმიანობამ სანქცირებულ რუსულ და ბელარუსულ სუბიექტებს შეუქმნა შესაძლებლობა, ლიეტუვასა და სხვა ქვეყნებში შემუშავებულ ტექნოლოგიებზე მიეღოთ წვდომა.
ხელისუფლებამ ოპერაციების შეზღუდვის ზომები მიიღო
2025 წლის გაზაფხულზე, ლიეტუვის დაზვერვამ ეროვნულ უწყებებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა და გამოვიდა ინიციატივით, კომპანიები იმ სამთავრობო კომისიას შეემოწმებინა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი სუბიექტების დაცვაზეა პასუხისმგებელი.
შედეგად, აღნიშნულ ორ კომპანიას ლიეტუვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან მაღალტექნოლოგიურ სექტორში ოპერირება აღარ შეუძლია.
ოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს NTLab-მა 3.6 მილიონი ევროს ოდენობის შემოსავალი და 544 000 ევროს ოდენობის წმინდა მოგება დააფიქსირა, ხოლო Kosminis Vytis-მა – 470 000 ევროს შემოსავალი და 44 000 ევროს წმინდა მოგება.
სოციალური დაზღვევის მონაცემების მიხედვით, ამჟამად NTLab-ს ერთი, ხოლო Kosminis Vytis-ს ორი თანამშრომელი ჰყავს.
ლიეტუვის სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, ქვეყნის საერთო უსაფრთხოების გარემოს ფორმირების ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად კვლავ რჩება რუსეთის გრძელვადიანი გადაწყვეტილება, გაფართოვდეს და, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ძალა გამოიყენოს.
https://www.lrt.lt/en/news-in-english/19/2859160/intelligence-report-lithuania-registered-firms-used-to-bypass-sanctions-access-tech
